საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა.) აღმასრულებელი საბჭოს LVIII სხდომაზე ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და 3 ვიცე-პრეზიდენტი აირჩიეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აღმასრულებელი საბჭოს ახალმა შემადგენლობამ მიიღო, რომელიც ა.თ.ე.ა-ს მე-8 ეროვნულ ასამბლეაზე დამტკიცდა.
ა.თ.ე.ა-ს პრეზიდენტის კახა კალაძის მიერ წარდგენილი კანდიდატურები სხდომის მონაწილეებს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ გააცნო.
უმრავლესობის მხარდაჭერით პირველ ვიცე-პრეზიდენტად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე აირჩიეს, ვიცე-პრეზიდენტებად კი – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ცინცაძე და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი დასახელდნენ.
ა.თ.ე.ა- ს ახლადარჩეულმა ვიცე-პრეზიდენტებმა კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს ასოციაციის განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით.
სხდომაზე, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ხელმძღვანელობდა ასევე განხილული იყო ორგანიზაციის 2026 წლის ბიუჯეტი, წევრ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის ახალი შეთანხმებები და ასოციაციის დელეგატების საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციებში: CORLEAP, CEMR, CEMR Youth Delegate, PLATFORMA, UCLG და ევროპის საბჭოს კონგრესში.
