საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ხელშეწყობით „უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ პროექტი შემუშავდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების დონეზე უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის ერთიანი, გამჭვირვალე და სამართლებრივად გამართული მექანიზმის დანერგვას, ასევე შესაბამისი სოციალური სერვისების განვითარებას.
დოკუმენტის პირველადი ვერსიის განხილვაში ჩართულნი იყვნენ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე, ა.თ.ე.ა-ს ექსპერტი ნინო ზურაბიშვილი, დედაქალაქის მერიიდან მოწვეული სპეციალისტი ნინო ლომინაძე, ასევე ქუთაისის, ფოთის, რუსთავისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების წარმომადგენლები.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმებზე, მომსახურების მიწოდების პირობებზე, დაფინანსების მექანიზმებსა და მონიტორინგის სისტემაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დოკუმენტის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მის ეფექტიან მართვას მუნიციპალურ დონეზე.
დისკუსიებში ასევე მონაწილეობდნენ სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინეს უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.
შეხვედრის მონაწილეთა შეფასებით, მუნიციპალიტეტებზე მორგებული პროგრამის საბოლოო რედაქცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უსახლკაროთა სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებას,
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მხარს უჭერს წევრ მუნიციპალიტეტებს ადგილობრივი სერვისების გაუმჯობესებაში. ერთ-ერთი მომსახურება, რომელსაც ა.თ.ე.ა მუნიციპალიტეტებს სთავაზობს, სხვადასხვა ტიპის მუნიციპალური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, დებულებების, წესების, პროგრამების და სხვა პროექტების მომზადებაში ტექნიკური დახმარებაა. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დარგის ექსპერტის დახმარებით, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან კონსულტაციით და მათი უშუალო ჩართულობით ა.თ.ე.ა ქმნის საჭირო დოკუმენტის პროექტს და რეკომენდაციის სახით უზიარებს წევრ მუნიციპალიტეტებს.
