საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელშეწყობით, ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებული 15 საჯარო მოხელე საბერძნეთში გაემგზავრება და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სპეციალურ კურსს გაივლის.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები სამეტაპიანი კონკურსის სახით შეირჩნენ, რომელიც განათლების საერთაშორისო ცენტრმა (IEC), ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციასთან (EPLO)/ ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლასთან (ELGS) თანამშრომლობით განახორციელა.
სასწავლო კურსი 8-19 ივლისს ათენსა და ლეგრენაში ჩატარდება და მას ქართველი და ევროპელი ლექტორები გაუძღვებიან.
დღეს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სტიპენდიატებთან შეხვედრა გამართეს ათეა-სა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორებმა – ნინო რუხაძემ და ნუნუ მიცკევიჩმა, ასევე ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იოსებ ნანობაშვილმა.
როგორც საუბრისას აღინიშნა, საქართველოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ინსტიტუციური ჯაჭვი; ევროკავშირის უნიკალური ინსტიტუციური წყობა; ევროპის არჩევნები; ევროკავშირის კანონშემოქმედება, მისი განხორციელება და მონიტორინგი; საკანონმდებლო კომპეტენციების გაზიარება ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შორის; ევროკავშირის სასამართლო სისტემა; ევროკავშირის გაფართოება; ევროკავშირში წევრობის კრიტერიუმები და გაწევრიანების ეტაპები; საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზა და ა.შ.
პროგრამის დასასრულს მონაწილეები გაივლიან სპეციალურ ტესტებს, რის შემდეგაც წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ EPLO სერტიფიკატები ევროკავშირის კვლევებში სპეციალიზებული პროგრამის წარმატებით დასრულების შესახებ.
პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი დაფარავს.
აღსანიშნავია, რომ ათეა-სა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც სხვა თემებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონების განვითარებისთვის საჯარო მოხელეების საზღვარგარეთ განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობას გულისხმობს.
Add comment