საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ აღმასრულებელი საბჭოს რიგით LIV სხდომა მოიწვია, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.
საბჭოს წევრებმა ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში -,,CORLEAP’’ მონაწილე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობის კანდიდატურებზე იმსჯელეს.
როგორც ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს CORLEAP-ის შემადგენლობის გეგმიური განახლება, რაც ასევე ითვალისწინებს მოქმედი დელეგატების მანდატების შენარჩუნებას.
იმის გათვალისწინებით, რომ CORLEAP-ის დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის დელეგაციაში ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებს, საჭირო გახდა მისი სხვა დელეგატით ჩანაცვლება. ასევე აუცილებელ ცვლილებას საჭიროებს ქუთაისის ყოფილი მერის, იოსებ ხახალეიშვილის კანდიდატურაც, ვინაიდან მან დაკარგა თვითმმართველობაში არჩევითი დელეგატის მანდატი.
მსჯელობის შემდეგ, სხდომის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში -(CORLEAP) წარსადგენი დელეგაცია დამტკიცდა შემდეგი შემადგენლობით:
ძირითადი წევრები:
ლევან აბაშიძე – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დელეგაციის ხელმძღვანელი;
ნინო ლაცაბიძე – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი;
სანდრო სორდია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
შემცვლელი წევრები:
ნინო ვარდოსანიძე – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
არჩილ ჩიქოვანი – ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი;
მარიამ ჩხიკვიშვილი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
აღსანიშნავია, რომ CoR-ის მიერ 2011 წელს დაარსებული, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების კონფერენცია (CORLEAP), ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების პოლიტიკური ფორუმს წარმოადგენს.
CORLEAP-ი ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას განიხილოს ქალაქებისა და რეგიონების წვლილი აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებაში.
დღესვე, სხდომის მონაწილეებმა ასოციაციის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
შეხვედრაში, რომელიც ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა, ასევე ჩართული იყო ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლაშა არჩვაძე.