საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, პროექტის: „ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამირების განვითარებაში“ ფარგლებში, ქალაქ ფოთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ინტერმუნიციპალური პლატფორმის IV სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში, რომელიც მუნიციპალური სოციალური სერვისების დაგეგმვის მექანიზმებზე მსჯელობასა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას დაეთმო, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ასევე სოციალური სამსახურებისა და ბავშვის განყოფილებების უფროსები/სპეციალისტები იყვნენ ჩართულნი.
სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ქალაქ ფოთის მერის მოადგილემ, ლექსო თოდუამ, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, იესპერ მოლერიმ და ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ.
გამომსვლელებმა შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, აუცილებელია თვითმმართველ ერთეულებს ზუსტად ჰქონდეთ გააზრებული, თუ რა სახით განახორციელონ დელეგირებული უფლებამოსილებები.
შეხვედრის პირველ ნაწილში, პროექტის ექსპერტმა, ნინო ზურაბიშვილმა, მონაწილეებს გზამკვლევი გააცნო, რომელიც მუნიციპალური სერვისების კუთხით ახალი სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის დანერგვის შესახებ, დეტალურ ინფორმაციას მოიცავდა.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ნატო ჩაფიძემ კი, პრეზენტაციისას, პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებსა და წესებზე, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმებზე ისაუბრა.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა, აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მათი აღმოფხვრის მიზნით, სხვადასხვა წინადადებები განიხილეს.
დღესვე, ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სოციალური სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრის დასასრულს ექსპერტმა, ნინო ზურაბიშვილმა მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავების პრაქტიკის შესახებ ისაუბრა და იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც პროგრამების დაგეგმვას უკავშირდება.
პლატფორმა, რომელიც მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და სერვისების ერთობლივად მიწოდების ხელშეწყობის მიზნით, UNICEF-ის მხარდაჭერით შეიქმნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტს აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ პლატფორმა, როგორც ერთგვარი ინსტრუმენტი, პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს ფუნქციონირებას.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ინტერმუნიციპალური პლატფორმები, გურიისა და მცხეთა- მთიანეთის მუნიციპალიტეტებშიც დაფუძნდება, რომლებიც უკვე, ათეას ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით დაიწყებენ ფუნქციონირებას.
Add comment