2024 წლის 18 იანვარს, გაიმართა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ოფიციალური წარდგენა. შეხვედრაში საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელი პირები და ათეას წევრი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
ღონისძიება, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ გახსნეს, რის შემდეგაც, სხვა გამომსვლელებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ – ლევან ჟორჟოლიანმა, ასევე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, ოზურგეთის საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნანა თავდუმაძემ და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ.
გამომსვლელებმა, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას, საკუთარ ორგანიზაციებსა თუ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებები და აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში გაწერილი სამომავლო გეგმები გააცნეს.
სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ქვეყანაში ევროპის საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცებას, ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას. სამოქმედო გეგმა, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა 2023 წლის 18 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული. აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.
Add comment