საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა) წელსაც არ დაარღვია ტრადიცია და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული 12 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა.
რიგით მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე, BPP-ის 2022-2023 წლების საუკეთესო პრაქტიკად შემდეგი მუნიციპალიტეტების პროექტები გამოვლინდა:
1. ლაგოდეხი – ახალგაზრდები მომავლისთვის – თემატიკა: ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა;
2. ბათუმი – მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელი – ახალი სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში – თემატიკა: ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მონაწილეობითი ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მოდელების დანერგვა;
3. ამბროლაური – საჭიროებათა კვლევის საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახის კეთილდღეობაზე მორგებული მუნიციპალური პროგრამების განხორციელება – თემატიკა: ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები, ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვზე მავნე ზემოქმედების პრევენცია;
4. ონი – ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა ონის მუნიციპალიტეტში – თემატიკა: მოქალაქეთა მონაწილეობა, ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება;
5. ზუგდიდი – ქაღალდისა და მუყაოს გადამუშავება (სეპარირება და რეციკლირება – რეალიზაცია) – თემატიკა: მუნიციპალური მყარი ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკის მოდელის დანერგვაში ხელშეწყობა;
6. ზუგდიდი – თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი – საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობა – თემატიკა: მუნიციპალური სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვა, მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა;
7. ქუთაისი – „სპორტის განვითარების კონცეფცია“ – თემატიკა: საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობა და განვითარების პროექტებისთვის საერთაშორისო დაფინანსების მოძიების წარმატებული გამოცდილება;
8. სენაკი – საგრანტო კონკურსი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრთა იდეების მხარდაჭერა და შემოსავლების გენერირება, შშმ პირთა საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა – თემატიკა: ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის, ანტი-დისკრიმინაციისა და ინკლუზიის ხელშეწყობა;
9. ფოთი: „საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“ -თემატიკა: სკოლამდელი აღზრდა, სკოლისგარეშე განათლება და ზრდასრულთა განათლების მუნიციპალური პროგრამები;
დღესვე, ევროსაბჭოს პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, თვითმმართველ ერთეულებში დანერგილი პროგრამებისთვის დაჯილდოვდნენ – დედოფლისწყაროს, დმანისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები.
გამარჯვებული მუნიციპალიტეტები საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის მმართველმა კომიტეტმა, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებითა და შესაბამისი დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული შეფასების კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით გამოავლინა.
აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, 2022-2023 წლების კონკურსისთვის შერჩეულ 14 თემაზე, რეკორდული რაოდენობის, 67 განაცხადი იყო წარმოდგენილი, საიდანაც წარმატებულ და კარგ პრაქტიკად 12 პროექტი დასახელდა.
კონფერენციას, რომელიც სასტუმროში ,, ჰოლიდეი ინნ თბილისი“ გაიმართა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და დარგის აღიარებული ექსპერტები ესწრებოდნენ.
ღონისძიება, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG), დანიის მთავრობის , ასევე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით მოეწყო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program), რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.
Add comment