საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) წარმომადგენლებმა — ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ლაშა არჩვაძემ და ა.თ.ე.ა.-ს ექსპერტმა ნინო ზურაბიშვილმა 9 – 10 დეკემბერს მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდში გამართულ ორდღიან სამუშაო შეხვედრაში, რომელიც მუნიციპალიტეტების სოციალური დაცვის სისტემების შოკებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირების გაძლიერებას მიეძღვნა.
ღონისძიება გაიმართა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNISEF) ორგანიზებით, სამეგრელო – ზემო სვანეთისა და გურიის სოციალური პლატფრომის შეხვედრის ფარგლებში.
სამუშაო შეხვედრაზე წარდგენილ იქნა UNICEF-ის კვლევა შოკების მიმართ სოციალური დაცვის სისტემების მზაობის შეფასების შესახებ, მიმოიხილეს კვლევის მიგნებები, ძირითადი რისკები და ინსტიტუციური გაძლიერების შესაძლებლობები, ასევე კვლევის რეკომენდაციები კრიზისულ სიტუაციებში მოსახლეობის დროული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
დისკუსიები შეეხო გაეროს ბავშვთა ფონდის შოკის მიმართ მგრძნობიარე სოციალური დაცვის მიდგომას, კვლევის ფარგლებში ზუგდიდისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების შემთხვევების შესწავლის შედეგებს და ჰუმანიტარული ფულადი დახმარების სწრაფი სქემის ერთობლივ პროექტირებას.
მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული ბიუჯეტირების მეთოდოლოგიის და ბავშვზე ორიენტირებული ბიუჯეტების შეფასების ციფრული ინსტრუმენტის შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სამეგრელო – ზემო სვანეთისა და გურიის მუნიციპალიტეტების სოციალური პლატფორმის წევრები.
