სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მხარდაჭერით, ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებული 20 საჯარო მოხელე საბერძნეთში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში „ევროკავშირის სწავლების ფუნდამენტური საკითხები“, რომელსაც ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (EPLO) ახორციელებს.
მონაწილეები შეირჩნენ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებული სამეტაპიანი კონკურსის გზით, რომელიც EPLO-სა და ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლასთან (ELGS) თანამშრომლობით განხორციელდა.
სასწავლო კურსი გაიმართება 7-18 ივლისს, ათენსა და ლეგრანაში – ევროპული დემოკრატიისა და სამართლის ისტორიულ ცენტრებში. მონაწილეები მიიღებენ ცოდნას ევროკავშირის ინსტიტუციური სისტემის, კანონმდებლობის, სასამართლოსა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტიპენდიანტებს გადაეცემათ EPLO-ს სერტიფიკატი.
დღეს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სტიპენდიატებთან შეხვედრა გამართეს ა.თ.ე.ა-სა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორებმა – ნინო რუხაძემ და ნუნუ მიცკევიჩმა, ასევე ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იოსებ ნანობაშვილმა და ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებმა – ტატიანა ბოკუჩავამ და ლაშა არჩავაძემ.
პროექტის ორგანიზატორებმა მონაწილეებს კონკურსში გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს კვალიფიკაციის ამაღლების ახალ ეტაპზე.
შეხვედრაზე განხილული იყო, როგორც პროგრამის მიზნები და სასწავლო მოდულები, ისე მისი მნიშვნელობა ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებისათვის. აღინიშნა, რომ პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივი მმართველობითი რესურსების გაძლიერებას და მმართველობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. საუბრისას ასევე ხაზი გაესვა მასპინძელი ქვეყნის – საბერძნეთის, სიმბოლურ როლს ევროპული საჯარო მმართველობის კონტექსტში.
ტრენინგის თემატიკა მოიცავს ევროკავშირის ინსტიტუციურ სტრუქტურას, კანონშემოქმედების პროცესს, სასამართლო სისტემას, წევრობის კრიტერიუმებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რაც საშუალებას მისცემს მონაწილეებს მიღებული ცოდნა საქართველოში, საკუთარ მუნიციპალიტეტებში გამოიყენონ.
კურსის ფარგლებში სტიპენდიანტები ასევე შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა საჯარო ინსტიტუციებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რაც მათ პროფესიულ გამოცდილებას კიდევ უფრო გააღრმავებს.
პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი დაფარავს.
აღსანიშნავია, რომ ა.თ.ე.ა-სა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც სხვა თემებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონების განვითარებისთვის საჯარო მოხელეების საზღვარგარეთ განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობას გულისხმობს.