ბანაკი „თესლის მცველები“ 9 ივლისსაც გაგრძელდა. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა.) ორგანიზებით, ამჯერად გაიმართა ვიზიტი მარნეულში არსებული სათბურებისა და ადგილობრივი ბოსტნეულის მწარმოებელთან, ასევე მოყვარულ მებოსტნეებთან და კოლეჯის “მოდუსი” სტუდენტებთან.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის – „SEEDGUARD: აგრო თესლების მცველები ბიომრავალფეროვნებისთვის, აგრობიომრავალფეროვნებისთვის, ეკოსისტემური სერვისებისთვის და კლიმატის ადაპტაციისთვის“ (BSB00450 SEEDGUARD) ფარგლებში.
შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა, რა დროსაც მონაწილეებმა გაცვალეს ცოდნა თესლის მიწოდების და გაცვლის პრაქტიკის შესახებ, ასევე ადგილზე მოხდა ადგილობრივი სათბურები მონახულება. მონაწილეებმა იმსჯელეს ბოსტნეულის წარმოების მნიშვნელოვან წვლილზე ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე იმ საკანონმდებლო ბარიერებზე, რომლებიც გავლენას ახდენს მცირე და საშუალო მწარმოებლებზე. დისკუსია შეეხო ტრადიციული ბოსტნეულის ჯიშების პოპულარიზაციის მხარდამჭერი მექანიზმების აუცილებლობას, როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე. ხაზი გაესვა აკადემიური წრეებისა და მწარმოებლების პასუხისმგებლობასა და როლს ავთენტური ბოსტნეულის ჯიშების შენარჩუნების და თესლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხში. სწორედ ასეთ მექანიზმს წარმოადგენს თემის თესლების კოლექცია (CSC).
“თესლის მცველების” ბანაკის შეჯამებისას გამოიკვეთა ძირითადი მიგნებები და ამოცანები: იდენტიფიცირებულია თესლის წარმოებაში, შენახვასა და შენარჩუნებაში ადგილობრივი გამოწვევები; აღიარებულია თესლის კონსერვაციის მხარდამჭერი კანონმდებლობის გაუმჯობესების საჭიროება; აქცენტი უნდა გაკეთდეს ღირებულებითი ჯაჭვების შექმნაზე მდიდარი ადგილობრივი ბოსტნეულის ჯიშების გამოყენებასა და პოპულარიზაციაზე. აღსანიშნავია, რომ ბანაკის პირველი დღე 8 ივლისს, მარნეულის კოლეჯში „მოდუსი“ გაიმართა და დაეთმო თემის თესლის ცენტრების (CSC) კონცეფციისა და მემკვიდრეობითი თესლის შენახვის პრაქტიკის გაცნობას.
პროექტი SEEDGUARD მიზნად ისახავს ბოსტნეულის ტრადიციული ჯიშებისა და სახეობების თესლის დაცვას, აგრობიომრავალფეროვნების, ჯანსაღი საკვების მრავალფეროვნების, სასურსათო უსაფრთხოების და ეკოსისტემური სერვისების გაუმჯობესებას. ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობის მოდელის დემონსტრირებას – თემის მონაწილეობის საფუძველზე ძველი ტრადიციული ჯიშების თესლის კოლექციების/ბანკების შექმნის გზით. პროექტი ხორციელდება ა.თ.ე.ა.-ს მიერ, ევროკავშირის თანადაფინანსებით, შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში.
# SEEDGUARD