4-5 დეკემებრს, მალტაში ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს (CEMR) ლიდერთა სამიტი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება წარმოადგენდა მაღალ დონეზე ორგანიზებულ პოლიტიკურ პლატფორმას, სადაც ევროპელი ლიდერები, მერები, დეპუტატები, ექსპერტები და ინსტიტუციური პარტნიორები განიხილავდნენ ევროპის წინაშე მდგარ ძირითად გამოწვევებს – დემოგრაფიულ ტრანსფორმაციას, ტერიტორიულ უთანასწორობას, ევროკავშირის 2028–2034 წლების მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოს, ასევე ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების როლს ახალი ევროპული სტრატეგიული ციკლის ფორმირებაში.
სამიტზე ქართულ მხარეს წარმოადგენდა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ CEMR-ში წარდგენილი დელეგატი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქეთევან ხომერიკი, რომელმაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს, როცა ევროპა დგას გეოპოლიტიკური დაძაბულობის, დეზინფორმაციისა და ინსტიტუციებისადმი ნდობის კრიზისის წინაშე, სწორედ ადგილობრივი ხელისუფლება რჩება მოქალაქეებთან ყველაზე ახლოს. დემოკრატია მხოლოდ პარლამენტებსა და სამინისტროებში არ იწყება და არ მთავრდება − ის ყველაზე მყარ საფუძველს პოულობს სწორედ ჩვენს მუნიციპალიტეტებში, საკრებულოებში და თემებში” – განაცხადა ქართველმა დელეგატმა.
ქეთევან ხომერიკმა თავის გამოსვლაში ასევე ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტებში არსებულ სერვისებს, რომლებიც ნარჩენების მართვის, გარემოს დაცვის, ტურიზმის, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის, ინოვაციური პროექტების დანერგვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით ხორციელდება. დელეგატის განმარტებით თემები ცდილობენ თანამედროვეობასა და ადგილობრივ იდენტობას შორის ბალანსის დაცვას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს დემოკრატიულ პროცესებსა და მოქალაქეების ჩართულობას.
ქართველმა დელეგატმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა CEMR-ს ქართველი ადგილობრივი ლიდერებისთვის შექმნილი შესაძლებლობებისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის. მისი განმარტებით, აღნიშნული ორგანიზაცია ქმნის უნიკალურ სივრცეს, რომელიც საშუალო და მცირე ზომის მუნიციპალიტეტებსაც აძლევს საშუალებას, მათი გამოცდილება გახდეს ევროპული პოლიტიკისა და მომავალი ბიუჯეტის ფორმირების განუყოფელი ნაწილი და მათი პოზიცია იყოს სრულად გათვალისწინებული.
სამიტის ფარგლებში ასევე მოხდა CEMR-ის პოლიტიკური კომიტეტის განახლება, ახალი ლიდერების არჩევა, აგრეთვე მოეწყო დისკუსია ევროკავშირის მომავალ ფინანსურ პერსპექტივაზე, სადაც ადგილობრივი და რეგიონული ხმების გაძლიერება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დასახელდა.
