ათეას ორგანიზებით, ევროსაბჭოს საგრანტო კონკურსში ჩართული მუნიციპალიტეტებისთვის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

8 ნოემბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, პროექტის-„მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში,  საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა, პროექტის უფროს ოფიცერთან - ნინო გელაშვილთან ერთად გახსნა.

ონლაინ ღონისძიებაში, პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსში მონაწილე 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის 25-მდე წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, რომლებსაც კონკურსის მიზნებსა და კრიტერიუმებზე მიეწოდათ ინფორმაცია.

როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, საგრანტო წინადადებები ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების, ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების აქტიურ ჩართულობაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ორგანიზატორების განცხადებით, წარმოდგენილი ინიციატივები სასურველია  ჰარმონიზებული იყოს მდგრადი განვითარების მე-5, მე-10, მე-11, მე-16 და მე-17 მიზანთან, რაც თანასწორობისა და მრავალფეროვნების უზრუნველყოფასა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

გენდერული თანასწორობა, შემცირებული უთანასწორობა, მშვიდობა და სამართლიანობა, ასევე, ძლიერი ინსტიტუტები და  პარტნიორობა მიზნებისთის-ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც წინადადებების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

დღესვე, მონაწილეებმა დეტალურად მიმოიხილეს წინადადებების მომზადებისა და შეფასების კრიტერიუმებიც, რის შემდეგაც, განაცხადების ჩაბარების საბოლოო ვადად 2022 წლის 24 ნოემბერი დასახელდა.  

შეხვედრაში, რომელიც კითხვა - პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, ბოლნისის, ბორჯომის, ჩოხატაურის, დედოფლისწყაროს, დმანისის, მარნეულის, ასევე, ონის, ოზურგეთის, თბილისის, თეთრიწყაროს, წალკის, წყალტუბოსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს  ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებისთვის  საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

პროექტი - „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“, ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესისა  და  დემოკრატიის გენერალური დირექტორატის მიერ, ათეასთან თანამშრომლობითა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.