საქართველო, CORLEAP-ის ღონისძიებაში თანათავმჯდომარე ქვეყნის რანგში ჩაერთო

3 ნოემბერი

საქართველო ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის მე-11 წლიურ შეხვედრაზე, CORLEAP-ის თანათავმჯდომარე ქვეყნის რანგში ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეს სტატუსი ერთი თვის წინ მიენიჭა. დღეს კი, პირველი ფართომასშტაბიანი შეხვედრა გაიმართა, რომელიც CORLEAP-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - ზურაბ აბაშიძემ, CORLEAP -ის ბიუროს წევრებთან - ალექსანდრა დულკიევიჩთან, პაველ ბრანდასთან და ევროპის რეგიონების კომიტეტის პრეზიდენტთან - ვასკო ალვეს კორდეიროსთან ერთად გახსნა.

ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ლიბერეკში გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ზურაბ აბაშიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე ერთგულება CORLEAP-ის ღირებულებებისა და მიზნებისადმი და აღნიშნა, რომ თანათავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველო აუცილებლად შეიტანს წვლილს ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უფრო ძლიერი კავშირების განვითარების პროცესში.

„ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი გახდა, რომელიც ხელს უწყობს მდგრადი რეფორმების პროცესებს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ადაპტირება არსებულ რეალობასთან და ვიფიქროთ, რომ იგი გარდავქმნათ მოქნილობის მაღალი ხარისხის მქონე პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის რეგიონულ პლატფორმად. აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა უზრუნველყოფს ამგვარი თანამშრომლობის კარგ საფუძველს სტრატეგიულ პროექტებში ინვესტიციების ხელშეწყობით, რომლებსაც აქვთ არა მხოლოდ ეროვნული, არამედ ფართო რეგიონული ღირებულებაც. ახლანდელმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა დივერსიფიკაციისა და მდგრადობის კიდევ უფრო მეტი საჭიროება დაგვანახა, რათა მოხდეს ენერგეტიკის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის გადაუდებელი გამოწვევების აღმოფხვრა,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

CORLEAP-ის მე-11 წლიურ შეხვედრაში, ასევე, ქართული დელეგაციის წევრები - ზუგდიდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წარმომადგენლები - სანდრო სორდია და მარიამ ჩხიკვიშვილი იღებდნენ მონაწილეობას.

CORLEAP-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი და როტაციის მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება, თანათავმჯდომარის სტატუსის გადაბარება აღნიშნულ ქვეყნებს შორის ხდება.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციაში (CORLEAP) 2011 წელს გაწევრიანდა. მასში მონაწილე ქართული დელეგაციის ახალი შემადგენლობა კი, ათეა-ს აღმასრულებელმა საბჭომ მიმდინარე წლის მარტში დაამტკიცა.