ნათია ღვინაშვილმა, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

31 ოქტომბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

სხდომას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში-ნიკო თათულაშვილი თავმჯდომარეობდა, რომლის განცხადებითაც, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული და ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმები.

კომისიის წევრებმა, საკუთარი მოხსენებების დროს, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისები მიმოიხილეს და იმ პრიორიტეტებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს, რომლებიც სამთავრობო სამოქმედო გეგმებით დადგენილ ვალდებულებებს შეესაბამება.

დღესვე, ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური მექანიზმების გაუმჯობესებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელობასაც გაესვა ხაზი და აღინიშნა, რომ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ადგილობრივ თვითმმართველობას განსაკუთრებული როლი უკავია.

ნათია ღვინაშვილმა, მოხსენებისას, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმებისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმების ლოკალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ განაცხადა, დღეის მდგომარეობით, გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმები 43 თვითმმართველ ერთეულშია დამტკიცებული, საიდანაც 19 მუნიციპალიტეტი, ათეასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ გაიდლაინს დაეყრდნო. მისივე თქმით, ამ დოკუმენტებზე მუშაობა მულტიდისციპლური მიდგომით მიმდინარეობდა, რომელიც პროცესის ინიცირებითა და საკონსულტაციო ჯგუფის შექმნით დაიწყო და ლოგიკურად, სიტუაციის ანალიზით, პრიორეტიზაციისა და ბიუჯეტირების პროცესით დასრულდა.

„მიმდინარე პერიოდში, დამატებით 8 მუნიციპალიტეტთან პირადად ვმართავ საკონსულტაციო შეხვედრებს, რომელთა ნაწილი ჯერ სიტუაციის ანალიზის, ნაწილი კი პრიორეტიზაციის პროცესშია. ამასთან საგულისხმოა, რომ სამოქმედო გეგმებზე მუშაობა, კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტმა დაასრულა, რაც გვაძლევს ოპტიმისტური ვარაუდის საფუძველს, რომ წლის ბოლოსთვის, საქართველოს თვითმმართველი ერთეულების დაახლოებით 80-85 %-ს ექნება დამტკიცებული გენდერული .თანასწორობის დოკუმენტები. აღსანიშნავია, რომ ეს სამოქმედო გეგმები ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად, იმ საერთაშორისო ვალდებულებებსა და ინსტრუმენტებს ეყრდნობა, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა იზიარებს“-განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.

მანვე, სამთავრობო სამოქმედო გეგმების ლოკალიზაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გენდერული ნიშნით ძალადობისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის პრინციპების გათვალისწინება თანასწორობის მუნიციპალურ სამოქმედო გეგმებში, ზემოთ აღნიშნული სახელმძღვანელოს ერთ-ერთ უმთავრეს რეკომენდაციას წარმოადგენს.

„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რაოდენ სენსიტიურია ის ორივე მიმართულება, რომელთა აღსრულებისა და სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის ეფექტიანად გატარების მიზნით, საქართველოს მთავრობამ სამოქმედო დოკუმენტები დაამტკიცა.

ვფიქრობ, აღნიშნული საკითხების ლოკალიზების პროცესი, მეტად წარმატებული იქნება, ვინადიან ახალი სამთავრობო გეგმები მნიშვნელოვნად დაეხმარება თვითმმართველობებს ამ მიმართულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში“-აღნიშნა ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ.

სხდომაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა და ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის მინისტრების მოადგილეებმა-ალექსანდრე დარახველიძემ და მზია გიორგობიანმა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღდეგ ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე გასატარებელ ღონისძიებებზე გაამახვილეს ყურადღება.

საკუთარი უწყებების პერსპექტივიდან, დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია გაუზიარეს საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს წარმომდგენლებმა-სალომე შენგელიამ და მერი მაღლაფერიძემაც.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელსაც სხვადასხვა საჯარო უწყებების, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობდა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.