ლევან ჟორჟოლიანმა, კონგრესის 43-ე სესიაზე, ათეა-სა და კონგრესის თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა

27 ოქტომბერი

ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა - ლევან ჟორჟოლიანმა, სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა 43-ე სესიაზე, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ათეა-სა და კონგრესის თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

“ადამიანის უფლებების ლოკალიზაციის მიზნით, კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის დიალოგის პლატფორმის შემუშავებაში. აღნიშნული ხელს უწყობს ადამიანის უფლებების ინტეგრირებასა და მოქალაქეებზე ორიენტირებული, ღია, ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივი მმართველობის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა და დამსწრე საზოგადოებას, 2017 წელს ათეა-ს მიერ შემუშავებული წინადადებები გააცნო, რომლებიც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში იქნა გათვალისწინებული.

ლევან ჟორჟოლიანმა ასევე, 2012-2014 და 2015-2017 წლებში განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე და პროგრამაზე ისაუბრა, რომლებიც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დეცენტრალიზაციის პოლიტიკისა და ტერიტორიული რეფორმის შესახებ კონსულტაციების ხელშეწყობისა და ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერების მიზნით განხორციელდა.

ათეას წარმომადგენლის განცხადებით, 2019 წლის 26 ნოემბერს, თბილისში, ასოციაციისა და ევროსაბჭოს კონგრესის ერთობლივი ძალისხმევით, ფართომასშტაბიანი ღონისძიება გაიმართა, სადაც ადამიანის უფლებათა ვალდებულებებისა და სტანდარტების იმპლემენტაციაზე მსჯელობისას, განსაკუთრებული აქცენტები, გენდერული თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციის, ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაკეთდა.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, მიმდინარე პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც ათეა, კონგრესთან ერთად ახორციელებს.

,,პროექტი - „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“, ათეამ ევროსაბჭოს კონგრესის მხარდაჭერით, 2021 წელს დაიწყო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სამოქალაქო სექტორისა და მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. იგი, ასევე, ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებისა და ათეას შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა ადგილობრივ პოლიტიკაში, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრასთან ერთად, უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანის უფლებების დაცვის პერსპექტივებისა და გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება”,-განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

სიტყვით გამოსვლისას, ათეა-ს წარმომადგენელმა, კონგრესის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და კოლეგებს თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, საკუთარი ხედვა გაუზიარა.

“დროა ვიფიქროთ კონგრესის, როგორც პანევროპული ინსტიტუტის მომავალ როლზე, რომელსაც ლეგიტიმაციასთან ერთად, აქვს შესაძლებლობაც, ისაუბროს ევროპის მუნიციპალიტეტების სახელით. აღნიშნული კიდევ უფრო გააძლიერებს კონგრესსა და ათეას შორის პარტნიორობას, რომელიც ჩვენი შეფასებით, თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს“- აღნიშნა ასოციაციის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, განვითარების ახალი ხედვა, სასურველია ეფუძნებოდეს იმ ძირითად პოსტულატებს, რომლებიც პროცესს უფრო მონაწილეობითსა და წარმომადგენლობითს გახდის.

„კონგრესმა უნდა გააძლიეროს თავისი ინსტიტუციური კავშირები ადგილობრივი თვითმმართველობების გაერთიანებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც ლეგიტიმურად წარმოადგენენ მათ ინტერესებს. ხოლო იმისთვის, რომ 21-ე საუკუნის კონგრესი კიდევ უფრო ფუნქციური და ქმედითი იყოს, მას დასჭირდება უფრო მოქნილი და ადაპტირებული სტრუქტურა, რომელიც იქნება მეტად მდგრადი ფინანსური და გეოპოლიტიკური ტურბულენტობის მიმართ.
ევროსაბჭოს კონგრესს გააჩნია უნიკალური ცოდნა და ექსპერტიზა დეცენტრალიზაციის, კარგი მმართველობის, მოქალაქეთა მონაწილეობისა და საჯარო მმართველობის სფეროებში. იგი, აკადემიურ ცოდნასთან ერთად, აერთიანებს პრაქტიკულ გამოცდილებას და, შესაბამისად, აქვს უდიდესი პოტენციალი, რათა გააძლიეროს ადგილობრივი ხელისუფლებები ევროპის კონტინენტზე.
გლობალური განვითარების დღის წესრიგის ლოკალიზაციის პროცესში, კონგრესი, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ევროპული პლატფორმა, წარმოადგენს აღიარებულ პარტნიორს საერთაშორისო განვითარების სააგენტოებისთვისაც. სწორედ აქ იკვეთება ადგილობრივი ხელისუფლების მანდატის მნიშვნელობა მის მიერ ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით, რისთვისაც საჭიროა, რომ კონგრესმა შეასრულოს ერთგვარი ხიდის როლი საერთაშორისო განვითარების სააგენტოებსა და კონტინენტის ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის“,-განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მანვე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში კონგრესის როლის ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ აღნიშნული ინსტიტუტი, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს ევროპული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის რეკომენდაციები და რეზოლუციები, სათანადოდ უნდა იქნას განხილული ევროპული პოლიტიკის შემქმნელების მიერ.

“კონგრესის ფარგლებში საჭიროა შეიქმნას სპეციალური საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო, ასევე, ადგილობრივი პოლიტიკის საკითხებზე იმუშავებს“- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.