საქართველო, ევროპის სექციის ახალი წევრის სტატუსით, პირველად ჩაერთო UCLG-ის მე-7 მსოფლიო კონგრესის მუშაობაში

18 ოქტომბერი

,, მოგესალმებით ევროპული მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში! კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ევროპულ ოჯახში”, - ასე გამოეხმაურნენ ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლები ევროპის სექციის ახალი წევრის - საქართველოს პირველ ჩართულობას UCLG-ის მე-7 მსოფლიო კონგრესისა და ადგილობრივ და რეგიონულ ლიდერთა სამიტში.

ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელიც სამხრეთ კორეაში 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ქართული მხრიდან, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR) წარდგენილი წევრი, CEMR-ის ვიცე- პრეზიდენტი და თბილისის საკრებულოს წევრი - ნინო რუხაძე იღებდა მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ UCLG-ის ადგილობრივი და რეგიონული ლიდერების მსოფლიო სამიტი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების, სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს აერთიანებს,   სამ წელიწადში ერთხელ იმართება. აღნიშნული პლატფორმა კი,   მონაწილეებს გამოცდილების გაზიარებასა და მდგრადი ურბანიზაციის მხარდასაჭერად  თანამშრომლობის განვითარებაში უწყობს ხელს.

2022 წლის ადგილობრივი და რეგიონული ლიდერების მსოფლიო სამიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი  კაცობრიობის მომავლის პაქტის (Pact for the Future of Humanity) წარდგენა იყო, რომელიც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს  წარმოადგენს, მუნიციპალურ დონეზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის რეალიზებისთვის.

ასევე, აღსანიშნავია, რომ UCLG-ის მსოფლიო საბჭოს სხდომაზე გაჟღერდა ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ევროპის სექციის მიერ შემუშავებული უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია.

დოკუმენტი, რომელიც ლიეტუვის რესპუბლიკის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტმა და ქალაქ იონავას მერმა - მინდაუგას სინკევიჩიუსმა, UCLG – ის ევროპის სექციის სახელით წარადგინა, მკაცრად გმობს რუსეთის შეჭრას და არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ, სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

კოლეგებს, აღნიშნული დეკლარაციის მხარდაჭერისკენ ნინო რუხაძემაც მოუწოდა, რომელიც ადგილობრივ და რეგიონულ ლიდერთა სამიტზე საქართველოსთან ერთად,  უკრაინას ხმის მიცემის უფლებით წარმოადგენდა.

,,მეამაყება, რომ UCLG-ის მსოფლიო კონგრესზე ორი მამაცი ერის წარმომადგენელი ვარ. ჩვენ ვართ ერები, რომლებისთვისაც  თავისუფლება და დამოუკიდებლობა წარმოადგენენ უმაღლეს ღირებულებებს. ჩვენი მისწრაფებაა ვიყოთ თავისუფალი, დემოკრატიული, პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული სამყაროს ნაწილი, რისთვისაც  ვიხდით ძალიან მაღალ ფასს.
მოგეხსენებათ, საქართველო იყო პირველი, რომელმაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან, სწორედ, ამ ლეგიტიმური და სამართლიანი მისწრაფებების გამო მიიღო დარტყმა. ახლა ამ გაუმართლებელი აგრესიის მსხვერპლია უკრაინაც.
იმისათვის, რომ სამომავლოდ აღარავინ გახდეს აგრესორი რუსეთის სამიზნე, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება“, - აღნიშნა ნინო რუხაძემ სიტყვით გამოსვლისას.

უკრაინის წინააღმდეგ ომის ესკალაციის შესახებ, UCLG ევროპის დეკლარაციით, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ლიდერები, კატეგორიულად გმობენ რუსი სამხედროების განახლებულ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ. ასევე ეწინააღმდეგებიან უკრაინის ურბანული ინფრასტრუქტურის განადგურებას, რაც აუცილებელია მოსახლეობისთვის ძირითადი საჯარო სერვისების მისაწოდებლად. კონგრესის წევრები, აგრეთვე მიმართავენ ევროპულ ინსტიტუტებს მხარი დაუჭირონ მათ ძალისხმევას უკრაინაში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის აღდგენაში და გამოთქვამენ მზადყოფნას იმუშაონ ომის შემდგომი რეკონსტრუქციის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის წევრი მე-20 საუკუნის ბოლოს გახდა, თუმცა აქამდე ევრაზიის სექციაში შედიოდა, 2022 წელს კი  ევროპის სექციაში გადავიდა.