გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესის მხარდაჭერის მიზნით,ათეა მუნიციპალიტეტებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს 

6 სექტემბერი

გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესის მხარდაჭერისა და აღნიშნული მიმართულებით, თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), სამიზნე მუნიციპალიტეტბთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს.

ათეა-ს ორგანიზებითა და მისი პარტნიორი, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN WOMEN) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ ორდღიან ტრენინგში, ამჯერად იმ 13 მუნიციპალიტეტის 25 წარმომადგენელი ჩაერთო,  რომელშიც ადგილობრივი გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტები არ შემუშავებულა.

თელავის მუნიციპალიტეტში გამართული სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა,  ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს და საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებები მიმოიხილეს.

ტრენინგზე ძირითადი აქცენტი, ათეა-ს მიერ შემუშავებული სარეკომენდაციო ხასიათის გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების სახელმძღვანელოზე გაკეთდა, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაძლიერების საერთაშორისო ჩარჩოებს ეფუძნება და თვითმმართველ ერთეულებს, ადგილზე არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე ორიენტირებული დოკუმენტის ჩამოყალიბებაში ეხმარება.

სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნებისა და ეტაპების დეტალურად გაცნობის შემდეგ,  შეხვედრამ ჯგუფური სამუშაოების რეჟიმში გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებული ორდღიანი ტრენინგი,  გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG) ფარგლებში მოეწყო, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი.