ნათია ღვინაშვილი: ქვეყნის დონეზე ეფექტიანი სისტემური ნაბიჯების გადადგმა, მუნიციპალური სამოქმედო გეგმების გარეშე შეუძლებელია

1 აგვისტო

გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ინიციატივით, სამიზნე მუნიციპალიტეტების პირველი პირებისთვის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


სამუშაო შეხვედრას, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში ეროვნული კოორდინატორი და გენდერის ექსპერტი - ნათია ღვინაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან - მზია გიორგობიანთან ერთად უძღვებოდა.

​ნათია ღვინაშვილმა დამსწრე საზოგადოებას, კიდევ ერთხელ გააცნო ასოციაციის პრიორიტეტები და ძირითადი აქცენტი,  ათეა-ს მიერ შემუშავებული სარეკომენდაციო ხასიათის გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების სახელმძღვანელოზე გააკეთა.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა სახელმძღვანელოს პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ დოკუმენტი, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაძლიერების საერთაშორისო ჩარჩოებს ეფუძნება, თვითმმართველ ერთეულებს, ადგილზე არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე ორიენტირებული დოკუმენტის ჩამოყალიბებაში ეხმარება.

მანვე, ასოციაციის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე ქვეყნის ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს აქტიურ ჩართულობას გაუსვა ხაზი.

,, დემოკრატიის შენების პროცესში, ქვეყნის დონეზე არსებული სისტემური გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანასწორობის პრინციპების დანერგვისა და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს მოწესრიგების გარეშე წარმოუდგენელია, მისი მიღწევა კი,  გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმებისა და სხვადასხვა პროგრამებში გენდერული პრინციპების ასახვის გარეშე გარდაუვალია.  აღნიშნულიდან გამომდინარე, ათეა-მ, როგორც ქვეყნის 64-ვე თვითმმართველი ერთეულის გამაერთიანებელმა ქოლგა ორგანიზაციამ, აიღო პასუხისმგებლობა, რომ წევრ მუნიციპალიტეტებს მხარი დაუჭიროს გენდერული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებაში“, - განაცხადა ნათია ღვინაშვილმა და განმარტა, რომ თავადვე აქტიურად ჩაერთვება და საექსპერტო დახმარებას გაუწევს კონკრეტულ მუნიციპალიტეტს, აღნიშნული დოკუმენტის უშუალოდ შემუშავების პროცესში.

​ნათია ღვინაშვილმა ასოციაციის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებისთვის საჭირო კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ათეა აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს შეხვედრებს. კერძოდ, ვორქშოფები და ტრენინგები აქტიურად განახლდება აგვისტოს ბოლოდან, რათა მუნიციპალიტეტებმა შემოდგომის მეორე ფაზაში შეძლონ დოკუმენტების დამტკიცება.

მზია გიორგობიანმა კი, გენდერული თანასწორობისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და მუნიციპალიტეტებში, როგორც სამართლებრივი კუთხით, ისე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ ასპექტში, შესაბამისი ინსტრუმენტების დანერგვისა და განხორციელების მექანიზმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე, რომელიც დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, მონაწილეებმა აღნიშნული მიმართულებით თვითმმართველ ერთეულებში არსებული გამოწვევებიც განიხილეს და მათი აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ათეას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

როგორც ნათია ღვინაშვილმა განმარტა, ასოციაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა მოსაზრებები და რეკომენდაციები, რაც სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებს მეტად ეფექტიანსა და მოქნილს გახდის.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში იმ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და აპარატში გენდერული თანასწორობის მიმართულებით დასაქმებული პირები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებსაც მიმდინარე პერიოდში არ აქვთ დამტკიცებული სამოქმედო გეგმები.