ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ორგანიზაციაში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

27 ივლისი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ აღმასრულებელი საბჭოს XLI სხდომა მოიწვია, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.


ონლაინ შეხვედრაზე, რომელსაც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი უწევდა მოდერაციას, მონაწილეებმა, ორგანიზაციაში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.

კერძოდ, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა- დავით მელუამ, საბჭოს წევრებს, ევროპის საბჭოს კონგრესის პროექტის -"ადამიანის უფლებების დაცვა და მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" მიზნები გააცნო და ევროსაბჭოს ღირებულებებისა და პრინციპების ადგილობრივ დონეზე დანერგვისა და გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მისი განმარტებით, პროექტი ხელს უწყობს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს, ჰქონდეთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. შესაბამისად, იგი მხარს უჭერს ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბებასა და ამოქმედებას.

მანვე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება და პროექტის დირექტორთან - ნინო გელაშვილთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას, სამომავლო გეგმები გააცნო.

ნათია ღვინაშვილმა კი, დამსწრე საზოგადოებას პროექტის ერთი-ერთი ძირითადი მიმართულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკასა და სტრატეგიებში ადამიანის უფლებათა სტანდარტების, პრაქტიკისა და გენდერული პერსპექტივის გათვალისწინებისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას გულისხმობს.

დღესვე, დავით მელუამ, გაეროს განვითარების პროექტის - "კარგი მმართველობისა და ტერიტორიული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს პროექტის "ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" შესახებაც ისაუბრა და დეტალურად მიმოიხილა პროექტების თემები, რომლებიც სამიზნე მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი განათლების სისტემის გაძლიერებას, ადგილობრივი განვითარებისთვის, კულტურული, ისტორიული და ბუნებრივი მონუმენტების გამოყენებასა და საჯარო სივრცეების განვითარების მეშვეობით, ურბანულ განახლებას, ასევე, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების კონცეფციაზე მუშაობასა და მასზე დაყრდნობით, თანამშრომლობის 10 წლიანი პროგრამის მომზადებასა და კვლევების ჩატარებას მოიცავს.

ორ საათიანი სხდომა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც, საბჭოს წევრებმა ათეა-ს სამომავლო გეგმები განიხილეს.

დღესვე, აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, ევროპის საბჭოს კონგრესის პროექტის -"ადამიანის უფლებების დაცვა და მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება ადგილობრივ დონეზე საქართველოში"- ფარგლებში შექმნილ ფოკუს ჯგუფში მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივ დონეზე შესაძლებლობების განვითარების საჭიროებებზე, გამოწვევებსა და ადამიანის უფლებების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

როგორც პროექტის ექსპერტმა - ნინო ზურაბიშვილმა განმარტა, ახლახან დასრულდა ადამიანის უფლებათა განხორციელებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური შესაძლებლობების საბაზისო შეფასება, რომელიც პროექტის 13 სამიზნე მუნიციპალიტეტთან ფოკუს ჯგუფების მეშვეობით განხორციელდა.

მისივე განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მომზადდება სამაგიდო კვლევის შედეგები, რომლებიც შეხვედრაზე განხილული საკითხების შესაბამისად გამოიკვეთება.