CEMR-მა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტრიოს ფორმატში ასოცირების მოთხოვნის მიზნით შემუშავებული დეკლარაცია დაამტკიცა

5 ივლისი

 ,,ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭო (CEMR) ევროკავშირის პოლიტიკურ ინსტიტუტებს მოუწოდებს დაიცვან ერთიანი ტრიოს მიდგომა აღმოსავლეთ ევროპის სამ სახელმწიფოსთან - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან მიმართებით, ევროკავშირის გაფართოების პროცესში. რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს “, - აღნიშნული განცხადება ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა - ნინო რუხაძემ, CEMR-ის პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრაზე გააკეთა, სადაც დამსწრე საზოგადოებამ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტრიოს ფორმატში ასოცირების მოთხოვნის მიზნით შემუშავებული დეკლარაცია დაამტკიცა.

 როგორც საქართველოს წარმომადგენელმა განმარტა, აღნიშნული დოკუმენტით, CEMR-მა მზადყოფნა გამოთქვა, სტატუსების მიუხედავად, მხარი დაუჭიროს ქვეყნების მდგრად ადგილობრივ განვითარებას და ხელი შეუწყოს მუნიციპალურ ხელისუფლებას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სწრაფვაში.

 მანვე, ხაზი გაუსვა CEMR-ის პრინციპულ პოზიციას, რომელიც ორგანიზაციამ ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ევრაზიის სექციიდან ევროპის სექციაში გადაყვანასთან დაკავშირებით გამოხატა.

 ,, პირადად ჩემი და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო CEMR-ს, მის მიერ გამოვლენილი ძალიან პრინციპული პოზიციისთვის და მხარდაჭერისთვის, რამაც საქართველოსა და უკრაინას საშუალება მისცა UCLG-ის ევრაზიული სექციიდან გადასულიყვნენ ევროპულ სექციაში. ამ მიზნისთვის წლების განმავლობაში ვიბრძოდით, ამიტომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოში აღვიქვამთ, როგორც ისტორიული სამართლიანობის აღდგენას“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.

 აღსანიშნავია, რომ 7 პუნქტიანი დეკლარაციის მიხედვით, ევროსაბჭომ გაითვალისწინა ევროკომისიის რეკომენდაციები, აღიარა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის ევროპული პერსპექტივა და მიიღო გადაწყვეტილება -უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მანვე, მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნული სტატუსი საქართველოს ევროკომისიის მიერ დადგენილი ვალდებულებების შემდეგ მიანიჭოს.

 დოკუმენტში, ასევე აღნიშნულია, რომ ევროკომისიის მოსაზრებები ხაზს უსვამს სამივე ქვეყანაში დეცენტრალიზაციის პროცესისა და საჯარო ადმინისტრაციის რეფორმების მნიშვნელობას, როგორც ევროკავშირში წევრობის პოლიტიკური კრიტერიუმების ძირითად კომპონენტებს.

 ,,CEMR და PLATFORMA, სამივე ქვეყანაში ეხმარება მის წევრ ასოციაციებს ადგილობრივი დემოკრატიის მდგრადობისა და დეცენტრალიზაციის თანამშრომლობის გაძლიერებაში.

CEMR მზადაა გააგრძელოს მისი წევრი ასოციაციების მხარდაჭერა და გაუწიოს მათ დახმარება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, კერძოდ, დაეხმაროს ასოციაციებს შეასრულონ ასოცირების შეთანხმების მიერ დაკისრებული ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის გაფართოების პაკეტი, მწვანე შეთანხმება და სხვ,

ამ კონტექსტში CEMR იღებს ვალდებულებას დაიცვას ერთიანი ტრიო მიდგომა და მზადაა სამივე ქვეყანას გაუადვილოს ევროკავშირის გაწევრიანების პროცესი ადგილობრივი პერსპექტივიდან.

სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ადგილობრივი დემოკრატიის, ადგილობრივი ავტონომიის და დეცენტრალიზაციის რეფორმების კონსოლიდაციაზე, რომლებიც გადამწყვეტია ქვეყნების გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისთვის.

აღნიშნული, ასევე საშუალებას მისცემს ადგილობრივ თვითმმართველობებს ჰქონდეთ თავიანთი კონკრეტული უფლებები და ამ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობისთვის, უკეთ აღიჭურვონ ტექნოლოგიებით, პრაქტიკით და ადმინისტრაციული თუ ფინანსური ინსტრუმენტებით.

მომავალ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესში, CEMR იმედოვნებს, რომ ზემოხსენებული ასპექტები გათვალისწინებული იქნება ევროპული ინსტიტუტებისა და კომპეტენტური ორგანოების მიერ საქართველოს,უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად“,- აღნიშნულია დეკლარაციაში.