ლევან ჟორჟოლიანი : საქართველო გმობს რუსეთის აგრესიას და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

30 ივნისი

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მუნიციპალიტეტებსა და რეგიონში არსებულ მდგომარეობას განიხილავდნენ, ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი და თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი - ლევან ჟორჟოლიანი დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წასრდგა.

“რუსეთი კვლავ აგრძელებს არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ, სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. საქართველო ყველა შესაძლო ფორმით გმობს ზემოაღნიშნულს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.

რუსეთის სცენარი და მოქმედებები მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ იდენტურია. ასეთი აგრესია საქართველომ გასული საუკუნის 92-93 წლებში და 2008 წელს გამოსცადა“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

მანვე, საქართველოში მყოფი უკრაინელი ხალხის მიმართ, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს გაუსვა ხაზი და აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის იმედი გამოთქვა.

,,საქართველოში 25 ათასზე მეტი უკრაინელია და ჩვენ მათ ლტოლვილებს არ ვუწოდებთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეულმა მათგანმა  თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ მიზნის მისაღწევად.
ასევე მნიშვნელოვანია,  საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რაც  საქართველოს ამ მისიის შესრულებაში დაეხმარება,“- განაცხადა ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა.

უკრაინის საკითხზე მიმდინარე დებატებში, ასევე  სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის, საფრანგეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლები.