ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გაცნობის მიზნით, მუნიციპალიტეტების პირველი პირებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

10 მაისი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ორგანიზაციის წევრი მუნიციპალიტეტების პირველ პირებს შორის სამუშაო შეხვედრა მოეწყო.

ღონისძიებას, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) და სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობას დაეთმო, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახაზინო სამსახურის უფროსი - ცოტნე ყავლაშვილი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი, „ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) დანერგვის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის წევრი - გაიოზ თალაკვაძე უძღვებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბუღალტრული აღრიცხვისა და IPSAS საფუძველზე ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია შიდა სააღრიცხვო პოლიტიკის დანერგვა, რომელიც მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და ასევე, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზების და წარმოების წესებს განსაზღვრავს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის მოეწყო პრეზენტაცია, სადაც თბილისის მაგალითზე, სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები იყო წარმოდგენილი.