ეროვნული კონფერენცია - ,,გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები’’

10 მაისი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული კონფერენცია - ,,გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები’’ გამართა.

ფართომასშტაბიანი ღონისძიება, რომელიც ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების, ასევე, არსებული გამოწვევებისა და სამოქმედო ნაბიჯების შესახებ მსჯელობას დაეთმო, ათეა-ს პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა - კახა კალაძემ გახსნა.

ასოციაციის ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს გაუსვა ხაზი და ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერაზე, ასევე, საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობისა და გაძლიერების მიმართულებით ორგანიზაციის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.

კონფერენციის პირველ ნაწილში, რომელსაც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორი - ნათია ღვინაშვილი უწევდა ფასილიტაციას, კახა კალაძესთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ - ნინო წილოსანმა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ - ირაკლი ზარქუამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა, ასევე, პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში - ნიკო თათულაშვილმა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა - კაორი იშიკავამ.

ღონისძიების მეორე ნაწილი პრეზენტაციებსა და დისკუსიებს დაეთმო, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა გენდერული თანასწორობის მუნიციპალურ სამოქმედო გეგმებზე, მათი განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციებსა და ნაბიჯებზე, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ძირითად გამოწვევებსა და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების დანერგვის ხელშეწყობაზე იმსჯელეს.

ნათია ღვინაშვილმა, პრეზენტაციისას, ასოციაციის მიერ შემუშავებული სარეკომენდაციო ხასიათის გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული დოკუმენტის პრინციპები და მიზნები კიდევ ერთხელ გააცნო.

მანვე, დეტალურად მიმოიხილა დამხმარე სახელმძღვანელოს ეტაპები და განმარტა, რომ გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმა, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაძლიერების საერთაშორისო ჩარჩოებს ეფუძნება, თვითმმართველ ერთეულებს, ადგილზე არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე ორიენტირებული დოკუმენტის ჩამოყალიბებაში ეხმარება.

ათეა-ს წარმომადგენელი, სიტყვით გამოსვლისას ასოციაციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებსაც შეეხო და განაცხადა, რომ გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმა, რომელიც ასოციაციის მიერ შემუშავებული დამხმარე სახელმძღვანელოს მიხედვით შეიქმნა, უკვე რამდენიმე მუნიციპალიტეტში დამტკიცდა.

მისივე თქმით, მიმდინარე თვიდან დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის შეხვედრები და ტრენინგები, რაც თვითმმართველობების წარმომადგენლებს საჭირო ცოდნის მიღებასა და დოკუმენტის შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში დაეხმარება.

კონფერენციის მეორე ნაწილში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, პროგრამის ანალიტიკოსი - თამარ ვაშაკიძე უწევდა ფასილიტაციას, ასევე პრეზენტაციებით წარსდგნენ, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული დეპარტამენტის უფროსი - სოფიო რუსეცკი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი - ელენე რუსეცკაია და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი - ტარიელ ჭულუხაძე, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შეფასებაზე და ადგილობრივ დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალთა მონაწილეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე, ასევე გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების დანერგვის ხელშეწყობაზე ისაუბრეს.

ღონისძიების დასასრულს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად, ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

დღესვე, ხელი მოეწერა 2 მემორანდუმს, რომლებიც ათეამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან გააფორმა.

კონფერენციას, რომელიც სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ გაიმართა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს სახალხო დამცველისა და ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა პროექტის - „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” ნაწილია, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.

თანამშრომლობა მოიცავს 64 მუნიციპალიტეტისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მხარდაჭერას, „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპის ქარტიის ადვოკატირებასა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე.