კახა გურგენიძემ მუნუციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

23 ნოემბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ექსპერტმა - კახა გურგენიძემ, ათეა-ს პარტნიორი უწყების - ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ახალგაზრდობის პოლიტიკისა და მისი პრინციპების - უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების, ასევე, ახალგაზრდების მონაწილეობის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით გაიმართა.

ფართომასშტაბიანი ღონისძიების პირველი ნაწილი, რომელშიც მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის კოორდინატორები, ადგილობრივ დონეზე მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების, ასევე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი, აღნიშნული სააგენტოს მიერ „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების“ სარეფორმო მიმართულების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ მსჯელობას დაეთმო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეფორმამ 2 წლის მანძილზე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საქართველოს 10 რეგიონის 31 მუნიციპალიტეტი მოიცვა.

ფორუმის მეორე ნაწილი კი, სამიზნე მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის შედეგების განხილვას დაეთმო, სადაც კახა გურგენიძემ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდობის პოლიტიკის გამოწვევებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში, ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად, აღნიშნული ფორუმი შეაჯამეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

ორდღიანი შეხვედრების ნაწილს ასევე, ახალგაზრდების ჩართულობით, პრაქტიკული სამუშაოების ფორმატი წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა (NALAG) და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის, მიმდინარე წლის 30 მარტს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ათეა, როგორც ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტის გამაერთიანებელ ქოლგა ორგანიზაცია, ახალგაზრდული პოლიტიკის ადვოკატირებას საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე განახორციელებს.

აღნიშნული დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობას ისეთ საკითხებში, როგორებიცაა, ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული პროექტებისა და აქტივობების განხორციელება რეგიონებში, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმირება და გაძლიერება, მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული საბჭოებისა და სხვა მექანიზმების შექმნის ხელშეწყობა.