ათეა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საუკეთესო პრაქტიკის კონკურსს აცხადებს

26 ოქტომბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), მუნიციპალური სერვისების მიწოდების კარგი მაგალითების გამოსავლენად, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსს წელსაც იწყებს.

გაეროს განვითარების პროექტის -,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021 წლის კონკურსი 8 საკონკურსო თემაზე გამოცხადდება, რომლებიც დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ნათია ღვინაშვილის, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას, ასევე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტის - დავით ხოსრუაშვილისა და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის- MSDC აღმასრულებელი დირექტორის - კოკა კიღურაძის შემადგენლობით დაკომპლექტებულმა სპეციალურად შექმნილმა მმართველმა კომიტეტმა დაამტკიცა.

​როგორც მმართველი კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, კონკურსის ფარგლებში, ასევე ჩამოყალიბდება შეფასების კომისია, რომელიც მოქალაქეთა მონაწილეობის, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების, ღია მმართველობის, გამჭვირვალობისა და ინფორმაციის საჯაროობის, ახალგაზრდების გააქტიურების, მობილიზაციის და ჩართულობის ხელშეწყობის, ასევე, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის, მდგრადი ურბანიზაციის, რევიტალიზაციის და მწვანე ურბანული ეკონომიკის, COVID -19 ვაქცინაციის ხელშეწყობისა და პოსტ-კოვიდ აღდგენის თემებზე მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილ განაცხადებს შეაფასებს.

აღსანიშნავია, რომ შეფასების კომისიის წევრებთან უახლოეს მომავალში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ათეა-ს ექსპერტები - ნინო ზურაბიშვილი და კახა გურგენიძე წარმართავენ.

2021-2022 წლის საკონკურსო განაცხადების მიღების პერიოდი 1 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებული მუნიციპალიტეტები კი, დეკემბრის ბოლოს, მმართველი კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე, შეფასების კომისიის დასკვნების გათვალისწინებით გამოვლინდება.

აღნიშნული პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია შვეიცარიის განვითრების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.