დავით მელუამ CEMR -ის წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

30 სექტემბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა, ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მიიწვიეს, სადაც წევრ ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების ადვოკატირების საუკეთესო მაგალითებზე იმსჯელეს.

შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, ათეა, როგორც ეროვნულ ისე, საერთაშორისო დონეზე აქტიურადაა ჩართული აღნიშნულ პროცესში და CEMR– ის წევრი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს კარგი პრაქტიკის გაზიარება.

დავით მელუამ შეხვედრის მონაწილეებს ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობის შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა და დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა, რომელიც დეტალურად ასახავდა საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების ადვოკატირების მექანიზმებს.

ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა, პრეზენტაციის წარდგენისას, ყურადღება გაამახვილა კონსულტაციის პროცესის ინსტიტუციონალიზაციის მექანიზმებზე, რომელთა შორისაა ყოველწლიური ფორუმი და რომელიც ათეასა და საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანაორგანიზებით იმართება.

მანვე, წარმატებული ადვოკატირების კამპანიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეფექტური ინსტიტუციური გარემოს შექმნა წევრი მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო სექტორის კონსულტაციებში ჩართვის, ანალიტიკური და კვლევითი შესაძლებლობების გაზრდის, ასევე, ლობირებისა და ადვოკატირების კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგიის განხორციელების გზითაა შესაძლებელი.

ანალოგიური პრეზენტაცია გამართა და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ქვეყნის კარგი პრაქტიკის მაგალითები გაუზიარა ბულგარეთის წარმომადგენელმაც, რის შემდეგაც შეხვედრამ დისკუსიის ფორმატში გადაინაცვლა.

ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ ორგანიზებული წლიური მიმოხილვა, რომელიც პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, ორ საათს გაგრძელდა.