ათეა-ს წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა

17 სექტემბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპის საბჭოს კონგრესის წევრმა და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა – ნინო ქავთარაძემ,  ევროპის საბჭოს კონგრესის რეგიონთა პალატის წარმომადგენლებთან - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან - ოთარ გრიგოლიასთან და ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა, რომელიც კონგრესის გენერალურმა მდივანმა – ანდრეას კიფერმა და მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ – გუდრუნ მოზლერ ტორნსრომმა გახსნეს, წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მონიტორინგის შედეგებზე და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მსჯელობას დაეთმო.

სხდომის დასასრულს კი, შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პანდემიის მიუხედავად, ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლები  2 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადგილზე დააკვირდებიან.   

ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მორიგი შეხვედრა მომდევნო წლის დასაწყისში გაიმართება.