ათეა-ს ორგანიზებით გზამკვლევის - „სექსიზმის პრევენცია და ბრძოლა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

13 სექტემბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ, მოადგილესთან - ნათია ღვინაშვილთან ერთად, ათეა-სა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ონლაინ შეხვედრაში, რომელიც გზამკვლევის - „სექსიზმის პრევენცია და ბრძოლა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პრეზენტაციას დაეთმო, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე სახალხო დამცველის აპარატისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას.

პრეზენტაციამდე, დავით მელუასთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურმა მდივანმა - ანდრეას კიფერმა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - ნინო წილოსანმა, რომლებმაც აღნიშნული გზამკვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განმარტეს, რომ ანალოგიური სახელმძღვანელოები, კიდევ უფრო გაამარტივებს ამ სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრას, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას.

როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, დოკუმენტი მორგებულია ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართული პირებისთვის, რომელიც სექსისტური ძალადობისა და გენდერული დისკრიმინაციის შესაძლო სამიზნე ჯგუფებს, მათ შორის, ქალ კანდიდატებსა და ადგილობრივი თანამდებობის პირებს სექსიზმის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტულ მექანიზმებს სთავაზობს.

ონლაინ ღონისძიების მეორე ნაწილი ადგილობრივ დონეზე სექსიზმის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობასა და კარგი პრაქტიკის გაზიარებას დაეთმო, რომელსაც მოდერატორობას ნათია ღვინაშვილი უწევდა.

ათეა-ს წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას მოკლედ გააცნო ორგანიზაციის საქმიანობა და იმ ძირითად აქცენტებზე ისაუბრა, რომლებიც პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში თანაბარ მონაწილეობას, თანასწორობის საჯარო ვალდებულებებსა და თანამშრომლობის მხარდასაჭერად პარტნიორებთან მუშაობას, ასევე სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლასა და საერთაშორისო თანამშრომლობას გულისხმობს.

შეხვედრის მონაწილეებს, გენდერული თანასწორობის მიმართულებით კარგი პრაქტიკის მაგალითები გაუზიარეს ზუგდიდის, ბაღდათის, ვანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმაც, რის შემდეგაც ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრას, რომელიც 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის ურთიერთთანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი - მარიტე მორასი და პროექტის-"მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" მენეჯერი - ნინო ცაგარეიშვილი უძღვებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ონლაინ ღონისძიება პროექტის - "მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" ფარგლებში მოეწყო, რომელიც მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.