GIZ -ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საველე მონიტორინგი განხორციელდა

10 აგვისტო

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მიწვეულმა ექსპერტებმა პროექტის - ,,ქალთა მცირე ბიზნესის მხარდაჭერა“ ფარგლებში საველე მონიტორინგი განახორციელეს.


ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორი და ექსპერტი - ნათია ღვინაშვილი და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ექსპერტი - შორენა კოჭლამაზაშვილი, სამიზნე, ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებს შეხვდნენ, მათ მიერ წარმოდგენილი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად შექმნილი სამუშაო გარემო  დაათვალიერეს და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს, რის შემდეგაც ექსპერტებმა ბენეფიციარებს  პროექტის მომდევნო ეტაპის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

,, ჩვენს მიერ მომზადებული საველე მონიტორინგის ანგარიში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებულ შეფასების კომისიას წარედგინება, რის შემდეგაც ჩაინიშნება სხდომა და მინიმუმ ათ გამარჯვებულს ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე გამოვავლენთ“,- განაცხადა ნათია ღვინაშვილმა და განმარტა, რომ  თავდაპირველად წარმოდგენილი 44 ბიზნეს იდეიდან  მეორე ეტაპზე მხოლოდ იმ 15 ბენეფიციარის განაცხადი განიხილება,  რომლებმაც პროექტის კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.   

,, იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნეს გეგმის შედგენა სპეციფიურ მუშაობას მოიცავს, პროექტის ფარგლებში, ონლაინ რეჟიმში,  ჩავატარეთ სასწავლო კურსი, რომელმაც ხელი შეუწყო ბენეფიციარებს აღნიშნული დოკუმენტისა და საბოლოოდ, საკუთარი იდეის განხორციელებაში“,- განაცხადა შორენა კოჭლამაზაშვილმა.  

შეფასების კომისიის სხდომა მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გაიმართება.  

აღსანიშნავია, რომ საგრანტო პროგრამა, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება
ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობას ისახავს  მიზნად.

 

იხილეთ ფოტო გალერეა