ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა

31 აგვისტო

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის  საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.  

ინსტიტუციონალიზაციის გზით, გენდერული ბალანსის ხელშეწყობის  მიზნით განხორციელებულ პროექტს, რომელიც  სენაკისა და ონის  მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული 18 წელს მიღწეული ქალების ჩართვას ითვალისწინებს, GIZ-ის მიერ მოწვეული ექსპერტები, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორი და ექსპერტი - ნათია ღვინაშვილი და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ექსპერტი - შორენა კოჭლამაზაშვილი ხელმძღვანელობენ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის პირველივე ეტაპზე შეიქმნა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და ექსპერტებით  დაკომპლექტებული შეფასების კომისია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე - ნინო წილოსანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური პოლიტიკის და რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველოს უფროსი - თეა ლოლაძე, ასევე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი - დავით ხოსრუაშვილი, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) პროექტის-„აღმოსავლეთ პარტნიორობა დეცენტრალიზებული თანამშრომლობისა და განვითარების გზით“ კოორდინატორი - ბელა ცხელიშვილი, ევროპის საბჭოს კონგრესში ევროპული ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი - ნინო ზურაბიშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის ანალიტიკოსი - ანა ფაშალიშვილი, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ექსპერტი, მართვისა და გადაწყვეტილებების ჰაბის დირექტორი - ზვიად არჩუაძე და ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში- კახა გურგენიძე წარმოადგენენ.

ასევე, კონკურსის  პირველივე ეტაპზე  აქტიურად ჩაერთნენ  სამიზნე მუნიციპალიტეტების  პირველი პირები. სწორედ მათი ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფები,  რომლებიც მერიებისა და საკრებულოების, ასევე, არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. მოქალაქეებზე ორიენტირებული მომსახურებების გაწევის მიზნით,  შემუშავდა  დებულებები და დეტალურად გაიწერა  ის ამოცანები, რომლებიც საგრანტო წინადადებებისა და მცირე პროექტების დასაფინანსებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში პროექტის მხარდაჭერას, ასევე საგრანტო კონკურსის გამოცხადების შემდეგ მიზნობრივ აუდიტორიასთან ინფორმაციის გავრცელებას, ბიზნეს პროექტების მომზადების პროცესში ადმინისტრირების კუთხით კონსულტაციის გაწევასა და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგის სისტემის შემუშავებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფები პროექტის დასრულების შემდეგაც განაგრძობენ ფუნციონირებას და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით ითანამშრომლებენ სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პირველმა ეტაპის დროს, ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად, სენაკისა და ონის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები, სადაც  ბენეფიციარებს საკუთარი იდეების მარტივად წარმოდგენის მიზნით, დაურიგდათ განაცხადის ფორმები.

თავდაპირველად, სამიზნე თვითმმართველ ერთეულებში მცხოვრებმა, პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა 44 ბიზნეს იდეა წარმოადგინეს, საიდანაც პროექტის კრიტერიუმები 22 -მა ბენეფიციარმა დააკმაყოფილა.    

იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნეს გეგმის შედგენა სპეციფიურ მუშაობას მოითხოვდა, პროექტის ფარგლებში ჩატარდა სასწავლო კურსი.  დოკუმენტის წარდგენის შემდეგ კი, განხორციელდა საველე მონიტორინგი. სწორედ აღნიშნული ღონისძიებების გატარების საფუძველზე მომზადდა რეკომენდაციები, რომლებიც  ექსპერტებმა  შეფასების კომისიას წარუდგინეს. 

დისკუსიის ფორმატში წარიმართა სხდომა, რომელიც აპლიკანტების  იდეების დეტალურად განხილვას დაეთმო, საბოლოოდ კი, შეფასების კომისიის წევრების გადაწყვეტილებით  11 გამარჯვებული ქალი, მათ შორის სენაკის მუნიციპალიტეტიდან 4, ხოლო ონის თვითმმართველი ერთეულიდან 7 კონკურსანტი გამოვლინდა.

ბიზნეს გეგმების უმრავლესობას ე.წ. ,,start-up’’ წარმოადგენდა, რაც კონკურსის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად განიხილებოდა. პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება, ისეთ როექტებზე გამახვილდა, რომლებიც  შიდა მიგრაციის შემცირებას, მუნიციპალიტეტებში დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას, ასევე, ტურიზმის, აგროსექტორისა და სხვა მიმართულებების განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროექტის შემდგომი ეტაპი გამარჯვებული  ბენეფიციარების საჭირო ინვენტარით აღჭურვასა და შემდგომ მონიტორინგს მოიცავს, რომელშიც ექსპერტებთან ერთად მუნიციპალიტეტებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.  

აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.

საგრანტო კონკურსი, რომელიც ქალების ეკონომიკური გაძლიერებას ისახავს მიზნად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ასევე  გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება.