ნათია ღვინაშვილმა გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე, აბაშის მუნიციპალიტეტში, სემინარი გამართა

19 ნოემბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) საქართველოს ეროვნულმა კოორდინატორმა - ნათია ღვინაშვილმა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე, რესურს ცენტრის,  საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებთან სემინარი გამართა.

ორდღიანი შეხვედრა, რომელიც ათეასა და აბაშის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში მოეწყო, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე მონაწილეთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ჩატარდა.  

მიწვეულ ექსპერტთან ერთად, შეხვედრა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა - გიგა გაბელაიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა - გელა ხოშტარიამ გახსნეს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს პირველი საპილოტე ტრენინგია , რომელიც ორმხრივ მუშაობასა და გამოცდილების მრავალმხრივ გაზიარებაზე დაყრდნობით, საერთო საკითხებზე სპეციალური აქცენტებისა და მიდგომების შემუშავებას, ასევე, შესაძლებლობების გაძლიერების ინსტრუმენტების დანერგვასა და ექსპერტიზაზე ყურადღების გამახვილებას ისახავდა მიზნად. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის საკითხებზე, სხვა მიმართულებებთან ერთად ინტეგრირებული სახით ემსჯელათ და არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განეხილათ. სამივე თემა განსაკუთრებული დატვირთვისაა ადგილობრივ დონეზე კეთილდღეობის მიღწევისთვის და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი იმ პირების შესაძლებლობების გაძლიერება, რომლებიც აღმზრდელობით, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირების პროცესებში უშუალოდ არიან ჩართულნი. - განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.

ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, ათეასთან თანამშრომლობისა და ტრენინგის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ანალოგიური შეხვედრები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტს ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევების გაანალიზებასა და პრაქტიკული ინსტრუმენტების განვითარებაში.  

შეხვედრის ძირითადი ნაწილი ჯგუფურ სამუშაოებს მოიცავდა, რომლებიც დისკრიმინაციისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ ცოდნის გაღრმავებას, ადამიანის უფლებებისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების მიმართულებით სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ასევე, სიტუაციის ანალიზისა და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავდა მიზნად.

ტრენინგს, რომელიც 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, აბაშის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სფეროს 60-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.