საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა.) პრეზიდენტმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ასოციაციის მე-8 ეროვნულ ასამბლეაზე ა.თ.ე.ა-ს გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.
მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელიც სასტუმროში ,,ბილტმორი“ მოეწყო საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოგილოცოთ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში დამსახურებული გამარჯვება, რომლის უკანაც დგას დიდი შრომა, განხორციელებული მასშტაბური პროეექტები და ხედვა, თუ როგორ უნდა შევქმნათ ჩვენს მუნიციპალიტეტებში უფრო კომფორტული, მიმზიდველი, ჯანსაღი და ღირსეული გარემო მოსახლეობისთვის. მიღწეული შედეგები, აგრეთვე ის მხარდაჭერა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება უწევს მოქალაქეებს, ნათლად წარმოაჩენს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა. ადგილობრივი არჩევნები წარმოადგენს თვითმმართველობის განვითარების მორიგ ეტაპს. ახლად არჩეული ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იზრუნოს თვითმმართველობის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, რადგანაც ძლიერი თვითმმართველობა ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარია. ამ მიზნების მისაღწევად საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ერთგვარი ინსტრუმენტია ადგილობრივი ხელისუფლების ხელში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში, ასოციაცია აქტიურად ახორციელებდა სტრატეგიულ და პრაქტიკულ ღონისძიებებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, 2023 წელს ასოციაციაში ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა დაცვის ლოკალიზების კომიტეტი, რომელმაც მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში; 2024 წელს დაფუძნდა რეგიონული პლატფორმები, რომლებიც აერთიანებენ კონკრეტულ რეგიონში მდებარე მუნიციპალიტეტებს; ამავე წელს შეიქმნა მაღალმთიანი რეგიონებისა და თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფები; 2022 წელს ათეა გახდა გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) ევროპული სექციის წევრი.
„2025 წლის ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება თითქოს ხელს არ უწყობს მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ევროპულ ქარტიაზე მიერთებას. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ათეა-ს ადვოკატირებით, საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტი შეუერთდა აღნიშნულ ქარტიას. 2025 წელს ათეა-ში ჩამოყალიბდა სამართლებრივ საკითხთა კომიტეტიც. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთი წელიც არ გასულა, მისმა საქმიანობამ უკვე გამოიღო კონკრეტული შედეგები – კომიტეტის მიერ მომზადდა საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც უკვე წარედგინა საქართველოს პარლამენტს და პირდაპირ ასახავს მუნიციპალიტეტების ინტერესებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ამ მიმართულებით მხარდაჭერისა და თანადგომისთვის პარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა.
„ათეა-ს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი განზომილება ყოველთვის იყო და დღესაც რჩება საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობა და საქართველოს მუნიციპალიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა. განსაკუთრებული სიამაყით მინდა, აღვნიშნო, ათეა-ს საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით და ამ სფეროში მოპოვებული მნიშვნელოვანი მიღწევები; ათეა-ს, საქართველოს მუნიციპალიტეტებთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში. ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის, თვითმმართველობის ძლიერი ასოციაცია კი თვითმმართველობის სიძლიერის მაჩვენებელი და მისი გარანტია. ასე რომ, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ შრომას ძლიერი თვითმმართველობისთვის და ძლიერი საქართველოსთვის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
