ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესში საქართველოს ინტერესებს ზურაბ აბაშიძე და ნინო რუხაძე დაიცავენ

28 ივნისი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), აღმასრულებელი საბჭოს რიგით XL სხდომა მოიწვია, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ევროპის სექციაში საქართველოს დელეგაციის დამტკიცების შესახებ მსჯელობას დაეთმო.


ონლაინ რეჟიმში გამართულ სხდომას, ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უძღვებოდა.

გიორგი ტყემალაძემ საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ევრაზიის სექციიდან ევროპის სექციაში გადასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ათეას ჩართულობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შემდეგ, აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა მსოფლიო კონგრესის ევროპის სექციაში საქართველოს დელეგაციის კანდიდატთა წარდგენის შესახებ იმსჯელეს.

დისკუსიის შემდეგ, კენჭისყრის შედეგად, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  აღნიშნულ გაერთიანებაში საქართველოს ინტერესებს, ევროპის რეგიონთა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP) ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ზურაბ აბაშიძე წარმოადგენს. მისი შემცვლელი წევრი კი,  ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) ვიცე- პრეზიდენტი, დედაქალაქის საკრებულოს  წარმომადგენელი- ნინო რუხაძე იქნება.

ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ბიურო, რამდენიმე სექციად იყოფა. კერძოდ, ევროპის სექციას- ,,ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო“ (CEMR) წარმოადგენს. ხოლო, ევრაზიის სექცია დსთ-ის წევრი და ევროკავშირის არაწევრი ევროპული სახელმწიფოების მუნიციპალიტეტებითაა დაკომპლექტებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ევრაზიის სექციაში მე-20 საუკუნის ბოლოს შეიყვანეს, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. 2005 წლიდან კი, კერძოდ მას შემდეგ, რაც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია დაფუძნდა, ორგანიზაციამ დაიწყო ზრუნვა არსებული უსამართლობის აღმოსაფხვრელად.

რუსეთის მხრიდან გაწეული მრავალწლიანი წინააღმდეგობის მიუხედავად, ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ბიურომ საქართველოსა და უკრაინის ევროპის სექციაში გადაყვანა მაინც შეძლო, რამაც  რუსეთის პოზიცია მნიშვნელოვნად შეასუსტა,  აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკამ კი,  ამ გზაზე, საქართველოს წარმატება კიდევ უფრო შესაძლებელი გახადა.