საზიანო პრაქტიკების პრევენციისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, სამიზნე მუნიციპალიტეტებისთვის ტრენინგები მოეწყო

24 ივნისი

საზიანო პრაქტიკების პრევენციისა და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, სამეგრელო - ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებისა და ასევე, გენდერულ თანასწორობისა და ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

ორ დღიანი ტრენინგების მიზანს, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით მოაწყო, გენდერული თანასწორობისა და საზიანო პრაქტიკების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემების გაზიარების გზით, თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლების უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული ეროვნული პრიორიტეტების გაცნობა და აღნიშნული საკითხების ადგილობრივ სამოქმედო გეგმებში ინტეგრირების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრებს, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე,  ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) ეროვნული კოორდინატორი  - ნათია ღვინაშვილი უწევდა მოდერაციას,  რომელმაც მონაწილეებს, გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების სტანდარტებსა და რეკომენდაციებზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნული მიმართულებით, ასოციაციის მიერ შემუშავებული სარეკომენდაციო ხასიათის სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.  

მანვე, ჯგუფური სამუშაო სესიები მოაწყო, სადაც თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებმა, მათ მიერ დანახული ის საჭიროებები წარმოადგინეს, რომლებიც ტრენინგების თემატიკას, კერძოდ კი, სხვადასხვა კუთხით არსებულ საზიანო პრაქტიკების პრევენციასა და დაძლევის შეეხებოდა.

სამუშაო შეხვედრებში, ასევე, დარგის ექსპერტები იყვნენ ჩართულნი, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას რამდენიმე თემატური მიმართულებით მიაწოდეს ინფორმაცია.

კერძოდ, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მდივანმა - ანა მაგრაქველიძემ, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ეროვნული პრიორიტეტები გააცნო, სახალხო დამცველის მოადგილემ- ეკა სხილაძემ კი, გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის, საზიანო პრაქტიკების პრევენციის გზებზე ისაუბრა.

გენდერის მკვლევარმა - გიორგი ურჩუხიშვილმა, მდგრადი განვითარებისთვის კაცების ჩართულობის წახალისებასა და დისკრიმინაციული ნორმების ტრანსფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება, ახალგაზრდობის განვითარებისა და ჩართულობის საკითხებში ექსპერტმა- ნინა გოგოლაძემ კი, დამსწრე საზოგადოებას გენდერული ნორმების ტრანსფორმაციისთვის ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს წარმომადგენელმა - ნანა ავალიანმა განმარტა, ტრენინგების სერია, ორი სამიზნე რეგიონის - სამეგრელო- ზემო სვანეთისა და სამცხე - ჯავახეთის უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

შეხვედრები შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროსა და ევროსაბჭოს პროგრამების ,, გენდერული თანასწორობისთვის“ და ,,გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში იმართება. 

აღსანიშნავია, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ათეა-ს მიერ გამართულ შეხვედრაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი - ნანა კაკაჩიაც იყო ჩართული.