ათეა-მ გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი პროექტის - „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“ განხორციელება დაიწყო

5 ივნისი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის მექანიზმების გაძლიერებას. ასევე, აღნიშნულ საკითხებზე ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას ადგილობრივ დონეზე.

როგორც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, პროექტის-„გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“კოორდინატორმა - ნათია ღვინაშვილმა აღნიშნა, პროექტი სამ ძირითად კომპონენტს, კერძოდ, ათეა-ში გენდერული თანასწორობის პლატფორმის გაძლიერებასა და ათეა-ს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის შექმნას, საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების სახელმძღვანელო გაიდლაინების შემუშავებას, ასევე, „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიასთან“ მათი მიერთების ადვოკატირებას მოიცავს.

„ჯერ კიდევ ორი წლის წინ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა - კახა კალაძემ გააჟღერა ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ათეა-მ, როგორც თვითმმართველი ერთეულების გამაერთიანებელმა ქოლგა ორგანიზაციამ, აიღო პასუხისმგებლობა, თვითმმართველობებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხების ადვოკატირების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტულია ისეთ ორგანიზაციასთან მუშაობა, როგორსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) წარმოადგენს. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ ათეა-ს გენდერული პლატფორმის გაძლიერებას და რაც მთავარია, მოგვეცემა საშუალება ზედმიწევნით დეტალურად შევისწავლოთ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის გზები და საშუალებები. ეს კი, მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინირებულ მუშაობას და თვითმმართველობის ორგანოებსა და ეროვნულ ხელისუფლებას შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“-აღნიშნა ნათია ღვინაშვილმა.

მისივე განცხადებით, პროექტის პირველი კომპონენტი განხორციელების ფაზაში უკვე შევიდა, რომლის ფარგლებშიც, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, პირველი ტრენინგი ონლაინ რეჟიმში წარიმართა.

ვიდეო ლექციის მსვლელობისას, შეხვედრის მონაწილეები ონლაინ სწავლების სპეციფიკას გაეცნენ და გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.

ტრენინგების სერია, რომელშიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ასოციაციის აღმასრულებელი და გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს წევრები, ასევე ათეა-ს აპარატის თანამშრომლები იღებენ მონაწილეობას, ორი თვის მანძილზე გაგრძელდება, რის შემდეგაც შემუშავდება ათეა-ს გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

პროექტი „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია" ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის ,,კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, რომელსაც ათეა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს.