ანდერს კნაპე - პანდემიის მიუხედავად, საქართველომ შეძლო ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ღირსეულად წარემართა

18 მაისი

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტმა - ანდერს კნაპემ ევროსაბჭოს  მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში საქართველოს მუშაობა შეაფასა.

როგორც კონგრესის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა,  პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი კრიზისული პირობების მიუხედავად, საქართველომ ღირსეულად და წარმატებულად შეძლო ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის წარმართვა.

,,ჩემთვის, როგორც ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტისთვის, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან  მუშაობა საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში.  კარგად მესმის, თუ რამდენად რთულია COVID-19-ის გავრცელებიდან გამომდინარე შექმნილ კრიზისულ პირობებში მუშაობა. თუმცა, თქვენმა ქვეყანამ ძალიან ღირსეულად და წარმატებულად გაართვა ამ მისიას თავი“,- აღნიშნა ანდერს კნაპემ.

კონგრესის პრეზიდენტმა, 3 თვის წინ,  საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ხელმძღვანელ პირებთან და  მოსწავლე - ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრებიც შეაფასა და კონგრესის მუშაობაში საქართველოს დელეგაციის აქტიურ ჩართულობას გაუსვა ხაზი.     

,,ეს ვიზიტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გასაგებად, თუ რა სირთულეების წინაშე დგას საქართველო ქვეყნის გარშემო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. მოხარული ვარ, რომ თქვენ მიყვებით დეცენტრალიზაციის პროცესს, ითვალისწინებთ კონგრესის რეკომენდაციებს და თვალყურს ადევნებთ კონგრესის მიერ თქვენს ქვეყანაში გასული წლების მანძილზე განხორციელებული მონიტორინგისა და პოსტმონიტორინგის აქტივობებს. მე თქვენი მადლიერი ვარ ამისთვის. ასევე მადლიერი ვარ იმ აქტივობებისთვის, რომელსაც საქართველოს დელეგაცია ახორციელებს კონგრესის მუშაობაში ჩართვისა და საკუთარი წვლილის შეტანის მიმართულებით“,- აღნიშნა კონგრესის პრეზიდენტმა.

ვიდეომიმართვის დასასრულს, ანდერს კნაპემ საქართველოს წარმატება უსურვა და სამომავლოდ კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

,,ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში მომეცემა საშუალება დავბრუნდე თქვენს მშვენიერ ქვეყანაში, რომელიც გამორჩეულია სტუმართმოყვარეობითა და კეთილგანწყობილი ადამიანებით. ველი თქვენთან მუშაობის შესაძლებლობას და საქართველოს წარმატებას ვუსურვებ“ – განაცხადა კონგრესის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მიმდინარე წლის 20 თებერვალს ეწვივნენ.

დელეგაციამ, რომელსაც კონგრესის თავმჯდომარე - ანდერს კნაპე ხელმძღვანელობდა, ათეა-ს პრეზიდენტთან, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან ევროსაბჭოს რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესში - კახა კალაძესთან, ასევე სხვადასხვა სამთავრობო უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და მოსწავლე - ახალგაზრდებთან გამართა შეხვედრები.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტებთან - გიორგი ტყემალაძესთან და თამარ ტალიაშვილთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთსაც ეწვივნენ, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მიმდებარე საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციას პირადად გაეცნენ.

კონგრესის პრეზიდენტი ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარების მიზნით, ათეა-სა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალსაც დაესწრო, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებში მხარდაჭერა აღუთქვა.   

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2019 წლის 27 ნოემბერს გახდა და საერთაშორისო ორგანიაზაციას 6 თვე ხელმძღვანელობდა.