თამარ ტალიაშვილი ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს

2 თებერვალი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი - თამარ ტალიაშვილი, შავი ზღვის რეგიონიდან ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს.


მიმდინარე წლის 23 იანვარს, საფრანგეთის ქალაქ ორლეანში CEMR-ის პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც თამარ ტალიაშვილთან ერთად, ასევე საბჭოს პრეზიდენტი, თანაპრეზიდენტები, კომიტეტების თავმჯდომარეები და აღმასრულებელი პრეზიდენტი დაასახელეს.

,, აღსანიშნავია, რომ  საბჭოს არჩევნებში შავი ზღვის რეგიონმა წელს პირველად მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად ჩემთვის დიდი პატივი და ორმაგად საპასუხისმგებლოა ეს თანამდებობა. ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ  აღნიშნულ პლატფორმას, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს  შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესების გაუმჯობესებას “, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. 

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში ,,CEMR’’ 2010 წლიდანაა გაწევრიანებული და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა თემების განხილვაში.

ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR) უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს.

ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო მსოფლიო ორგანიზაციის ”გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი მმართველობის (UCLG)” ევროპული სექციაა.