ევროსაბჭოს კონგრესისა და ათეა-ს ორგანიზებით ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

26 ნოემბერი

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით სემინარი - ,,ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება  ადგილობრივ დონეზე’’ გაიმართა.

სემინარში, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა - კრისტიან ურსემ, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ - თამარ ტალიაშვილმა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე კონგრესის თემატურმა მომხსენებელმა, მიდელბურგის მერმა - ჰერალდ ბერგმანმა გახსნეს, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, ასევე ასოციაციისა (NALAG) და კონგრესის წევრები იღებდნენ მონაწილეობას.

თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროსაბჭოს პრინციპებისა და ღირებულებების ადგილობრივ დონეზე დანერგვისა და გაძლიერებისთვის კონგრესს მადლობა გადაუხადა და აღნიშნული მიმართულებით, ათეა-ს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

,,დღეს წარმოდგენილი მნიშვნელოვანი საკითხებიდან, მე როგორც ქალი, გამოვყოფდი გენდერული თანასწორობის საკითხს. ამ მიმართულებით  ათეამ გამოავლინა ლიდერი თვითმმართველობები და წელს, ოთხმა მუნიციპალიტეტმა - ქუთაისმა, რუსთავმა, ლაგოდეხმა და ოზურგეთმა ხელი მოაწერეს ევროპულ ქარტიას ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ’’,- აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნად არჩევასაც გაუსვა ხაზი და  განაცხადა, რომ  აღნიშნული პლატფორმა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს იმ რეფორმების განხორციელებას, რომელთა შესრულების ვალდებულებაც ქვეყანას აკისრია.

სემინარი, რომელსაც მოდერატორობას ადგილობრივი ექსპერტები - თამარ თომაშვილი და კოკა კიღურაძე უწევდნენ, ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების შესრულების ირგვლივ მსჯელობას, მათ შორის, გენდერული თანასწორობის, დისკრიმინაციის, უმცირესობების და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვასა და სხვა საკითხების განხილვას დაეთმო.

მოგვიანებით კი, სემინარი  სამუშაო რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ჯგუფებმა ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. 

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა -  დავით მელუამ და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენელთა კონგრესის  თანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის  აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამების განყოფილების უფროსმა - მარიტე მორასმა შეაჯამეს.

მათი განცხადებით, სამუშაო შეხვედრის შედეგები გათვალისწინებული იქნება კონგრესის მიერ მომზადებულ შეფასებაში, რომელიც  ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების რეალიზების კუთხით არსებულ მდგომარეობას და გამოწვევებს ასახავს.