ათეა-სა და საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა 

22 ნოემბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენლებმა - ტატიანა ბოკუჩავამ და ავთანდილ ოსეფაიშვილმა, ფოთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსთან - ირმა გუგუშვილთან და ქობულეთის მერიის ტურიზმისა და ინვესტიციების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტთან - ნინო ჩხეტიასთან ერთად, შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტის - ,,მწვანე, აქტიური და ისტორიული ტურიზმის განვითარება შავი ზღვის ქვეყნებში“ ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

უკრაინის ქალაქ იზმაილში გამართული ღონისძიება სამ ნაწილად გაიყო. მესამე ტრანსნაციონალურ შეხვედრაზე, რომელიც 20 ნოემბერს გაიმართა, ათეა-ს წარმომადგენელმა - ტატიანა ბოკუჩავამ, დამსწრე საზოგადოებას პროექტის ფარგლებში, ასოციაციის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პრეზენტაციის შემდეგ კი, შეხვედრის მონაწილეებმა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში არსებულ დაცულ ტერიტორიებზე მწვანე ტურიზმის პოტენციალზე, ვირტუალურ სახელმძღვანელოსა და გზების რუკებზე, ასევე ისტორიული და კულტურული ტურიზმის ბაზრის პოტენციალის კვლევებზე იმსჯელეს.

უკრაინაში ვიზიტის მეორე დღეს, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა - ირმა გუგუშვილმა და ნინო ჩხეტიამ დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციები - “ტურიზმი ქობულეთის მუნიციპალიტეტში” და “ფოთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები” წარუდგინეს.

22 ნოემბერს, შეხვედრა სასწავლო ვიზიტის ფორმატში გაგრძელდა. კონფერენციის მონაწილეებმა, ქალაქ იზმაილში არსებული მარანი მოინახულეს და ასევე, ადგილობრივი ღვინის ისტორიასა და კულტურას გაეცნენ.

,,black sea cooperation’’ ფარგლებში განხორციელებულ პროექტში, რომელიც შავი ზღვის რეგიონში მწვანე ტურიზმის აღორძინებას ისახავს მიზნად, საქართველოსთან ერთად რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, მოლდოვა და უკრაინა არიან ჩართულნი.

პროექტი ,, მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელსაც ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირი (UBBSLA) საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG) თანამშრომლობით ახორციელებს, 2018 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.