ქართული დელეგაცია სასწავლო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრა

21 ოქტომბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა და მისი მოადგილე - ნათია ღვინაშვილი, ათეა-ს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, სასწავლო ვიზიტით რიგაში იმყოფებიან.

ქართულ დელეგაციას თავდაპირველად ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების ასოციაციაში (LALRG) უმასპინძლეს და სტუმრებს ცენტრალურ მთავრობასა და ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არსებულ სისტემაზე, მათ შორის საბიუჯეტო ურთიერთობებსა და მთავრობათა დაფინანსების შესახებ  მიაწოდეს ინფორმაცია.

დღესვე საქართველოს წარმომადგენლები ლატვიის პარლამენტის (სეიმი) წევრებს შეხვდნენ და ქვეყანაში მიმდინარე პრეცესებს გაეცნენ. სხვა თემებთან ერთად, საუბარი შეეხო  ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის პრინციპებს, ასევე მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და  ადგილობრივ თვითმმართველობებში განხორციელებულ რეფორმებს.

შეხვედრების დასასრულს ქართულმა დელეგაციამ მასპინძლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ვიზიტის ფარგლებში, ქართული მხარე რიგის ქალაქის განვითარების დეპარტამენტისა და ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე ლატვიაში  საქართველოს ელჩთან გამართავს შეხვედრებს.

სასწავლო ტური, რომელიც 21-25 ოქტომბერს ეწყობა,  პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში იმართება და ადგილობრივი მმართველობების განვითარების დაგეგმვის, საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მუშაობის, ურბანული მმართველობის ინოვაციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის გამოცდილებების გაზიარებას ისახავს მიზნად.

ქართული დელეგაცია ლატვიის რესპუბლიკაში ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების ასოციაციის (LALRG) მიწვევით იმყოფება.