ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების მიზნით, თბილისის საკრებულოში, ათეა-სა და ევროსაბჭოს კონგრესის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა

24 სექტემბერი

 

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის - კახა კალაძის ინიციატივით, თბილისში, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის,  ევროპის საბჭოს 70 წლისა და ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის  იუბილეებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ათეა-სა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა და რეგიონული კონგრესის ერთობლივ ღონისძიებას, რომელიც, საკრებულოში გაიმართა,  ევროსაბჭოს კონგრესის, ასევე საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კახა კალაძემ და ათეა-ს ვიცე პრეზიდენტებმა - გიორგი ტყემალაძემ და თამარ ტალიაშვილმა  სიტყვით გამოსვლისას ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს  და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში ევროსაბჭოს როლზე ისაუბრეს.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, კონგრესის, როგორც ევროპის საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა ინსტიტუციისა და საქართველოს, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი. ეს გამოიხატება საქართველოს მხარდაჭერაში დეცენტრალიზაციის წარმატებული რეფორმის განხორციელების პროცესში, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაში და ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებაში“- განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ  მჭიდრო პარტნიორობის ახალ ეტაპზე, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების მიმართულებით, არაერთი წარმატებული მაგალითი შეიქმნება.

„კონგრესის მონიტორინგის მისიები, შეფასებები და რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდის ყველა მისია ცალსახად აღნიშნავს საგრძნობ გაუმჯობესებას ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით და ჩვენი ძალისხმევა  მიმართულია იმისკენ, რომ კონგრესის რეკომენდაციები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული  ადგილობრივი თვითმმართველობის შემდგომ რეფორმებში,”- აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

თამარ ტალიაშვილმა  ევროსაბჭოსა და საქართველოს თანამშრომლობაზე, ასევე ათეა-ს როლზე ისაუბრა და  აღნიშნა, რომ ერთობლივი პლატფორმა მაქსიმალურადაა მორგებული მოქალაქეთა ინტერესებზე და ორიენტირებულია ევროპული ღირებულებების გაძლიერებისაკენ.

,,უკვე 20 წელია, რაც ჩვენი ქვეყანა ევროპის საბჭოს სრულფასოვანი წევრია. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველო ნოემბრიდან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და აღიარება იმისა, რომ საქართველოში წარმატებით გატარდა რეფორმები. ამ პლატფორმას საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს, რათა ხელი შეეწყოს ჩვენი ქვეყნის განვითარებას", - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა - ქსავიერ კადორემ და ევროსაბჭოს კონგრესის გენერალურმა მდივანმა - ანდრეას კიფერმა კი, ქართველ ხალხს აღნიშნული თარიღი მიულოცეს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს წარმატებები უსურვეს და თანადგომა აღუთქვეს.​

ქსავიერ კადორემ ასევე,  ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე და აღნიშნა, რომ  ევროპის საბჭო დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საიუბილეო ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოებას ასევე  მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - მაია ცქიტიშვილმა და მისმა მოადგილემ - მზია გიორგობიანმა,  პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ - ზაზა გაბუნიამ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ - ვაჰაგ მურადიანმა. კონგრესის ადგილობრივი დემოკრატიის კვირეულის თემატურმა მომხსენებელმა - ბრიონ რუდკინმა, ასევე ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - ნინო ქავთარაძემ და UNDP-ის გენდერული პროექტების ხელმძღვანელმა ლელა აქიაშვილმა.   

ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა კონფერენცია  ,,ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის როლი საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში“,  რომელზეც ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების მიზნით, თანაბარუფლებიან მონაწილეობაზე ისაუბრს.

კონფერენციის მიმდინარეობისას, ასევე 4 მუნიციპალიტეტის - რუსთავის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ლაგოდეხის მერებმა  ხელი მოეწერეს ევროპულ ქარტიას ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობები ვალდებულებას იღებენ საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში გაატარონ ღონისძიებები და ითანამშრომლონ თანასწორობის გასაუმჯობესებლად.  

ევროსაბჭოს 5- კაციანი დელეგაცია, თბილისში  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის - კახა კალაძის მოწვევით იმყოფება.

დელეგაციის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს შეხვედრები საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) , რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, ასევე  საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის პირველ პირებთან, სადაც მხარეებმა ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს და თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ წარმატებებზე, ასევე, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტზე, თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით განხორციელებულ რეფორმაზე და აღნიშნულ პროცესში ქალთა მეტი ჩართულობის საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრებზე, ასევე, საუბარი შეეხო ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.