ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი ბრიუსელის ტრიბუნიდან ევროპელებს ქართული ტურიზმის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და სოციალურ კამპანიას უერთდება

29 ივნისი

ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG)  ვიცე-პრეზიდენტმა - თამარ ტალიაშვილმა ბრიუსელში კონგრესის ბიუროს სხდომაზე ევროპელ კოლეგებს მიმართა და დამსწრე საზოგადოებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საქართვოლოზე მორიგი ზეწოლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით,   ამჯერად, რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ ტურისტულ სააგენტოებს საქართველოში სამოგზაურო ტურების ორგანიზება აუკრძალა. მისივე თქმით,
ტურისტული სეზონი საქართველოში უკვე დაწყებულია და შესაბამისად, იქმნება საფრთხე, რომ ასეთი რადიკალური ცვლილება უარყოფითად აისახოს ქვეყნის ეკონომიკაზე.

,,ეს ნამდვილად გამოწვევაა, მაგრამ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ეს გამოწვევა სასიკეთოდ გამოიყენოს და ახალი შემართებით, მეტი ძალისხმევა მიმართოს ტურისტული ბაზრის დივერსიფიცირებისაკენ.
მე მოგმართავთ თქვენ, ჩემს და ჩემი ქვეყნის მეგობრებს, შემოგვიერთდეთ და მხარი დაგვიჭიროთ ამ ძალისხმევაში. თითოეული თქვენთაგანი თქვენს ქვეყანაში დიდ ავტორიტეტს წარმოადგენთ, თქვენი ნაბიჯები გადადგმული ხსენებული მიმართულებით, მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ჩვენი ქვეყნისათვის ამ გამოწვევის გადასალახად", -განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

აღნიშნულ კამპანიაში სხვადასხვა ქვეყნის ათობით წარმომადგენელი ჩაერთო.