გიორგი ტყემალაძემ ევროსაბჭოს კონგრესის მიმდინარე საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

28 ივნისი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის სრულმა წევრმა   გიორგი ტყემალაძემ შტუტგარტში, ევროსაბჭოს კონგრესის მიმდინარე საკითხთა კომიტეტის სხდომაში  მიიღო მონაწილეობა, რომელზეც  ერთ-ერთ ძირითად საკითხად რეზოლუციისა და რეკომენდაციების პროექტი  - „ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლი დევნილთა დაცვის საკითხებში“ განიხილეს.

შეხვედრაზე, რომელიც ბადენ-ვიურტემბერგის პარლამენტში გაიმართა, გიორგი ტყემალაძემ  აღნიშნულ დოკუმენტში ქართული დელეგაციის მიერ წარმოდგენილი  მითითებების  ასახვისთვის კომიტეტის წევრებს მადლობა გადაუხადა და სხდომის მონაწილეებს  რამდენიმე პარაგრაფის შემდგომი დამუშავების ინიციატივით მიმართა. 

როგორც „ათეა“-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოში დაახლოებით ნახევარ მილიონ დევნილს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლება წართმეული აქვს.

 „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი რეგიონის მიმდინარე უკანონო ოკუპაცია, ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები, მათ შორის ეთნიკური ნიშნით ძალადობა, სიცოცხლის  ხელყოფა, ასევე თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა, კიდევ უფრო ამძაფრებს არსებულ ვითარებას. შექმნილი მდგომარეობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა ახალი ტალღის  საფრთხეს ქმნის“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

„ათეას“ ვიცე-პრეზიდენტმა მაგალითისთვის გალის რაიონში მცხოვრები დევნილების მდგომარეობა მოიყვანა, რომლებიც იძულებულნი არიან შეიცვალონ გვარები და აიღონ ე.წ. „აფხაზური პასპორტები“. გიორგი ტყემალაძემ ასევე აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილებული პირების საკითხების მოგვარებაში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ერთ-ერთი უპირველესი როლი აკისრია.

„დევნილთა სახლებში დასაბრუნებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, მეტი საერთაშორისო ძალისხმევაა საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია და ძალისხმევის მობილიზება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

აღნიშნულ საკითხთან ერთად დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტის სამუშაო პროგრამებზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ არსებულ კოდექსზეც იმსჯელეს.

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიმდინარე საკითხთა კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 29 ოქტომბერს სტრასბურგში გაიმართება.