ათეა-ს წარმომადგენლები ქალაქ კაჰულში შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტის ფარგლებში გამართულ სემინარში იღებენ მონაწილეობას

11 ივნისი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენლები - ტატიანა ბოკუჩავა და ავთანდილ ოსეფაიშვილი მოლდოვის რესპუბლიკის ქალაქ კაჰულში, შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტის ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა - შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები “ ფარგლებში გამართულ სემინარში იღებენ მონაწილეობას.

პროექტის პარტნიორთა შეხვედრაზე, ტატიანა ბოკუჩავა პრეზენტაციით “ენერგოეფექტურობის ინოვაციური ტექნოლოგიები ტურიზმსა და კულტურულ ინფრასტრუქტურაში - საქართველოს მაგალითები”  წარსდგა, მანამდე კი  ათეა-ს წარმომადგენლებმა  დამსწრე საზოგადოებას  პროექტის ფარგლებში ასოციაციის მიერ განვლილი და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრები  10-11 ივნისს გაიმართა, 12 ივნისს კი, დაგეგმილია სასწავლო ვიზიტი, სადაც დელეგაციის წევრები   ქალაქ კაჰულის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებს მოინახულებენ.

,,black sea cooperation’’ ფარგლებში განხორციელებულ პროექტში, რომელიც შავი ზღვის რეგიონში მწვანე ტურიზმის აღორძინებას გულისხმობს, საქართველოსთან ერთად რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, მოლდოვა და უკრაინა არიან ჩართულნი.

პროექტი ,, მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელსაც ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირი (UBBSLA) საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG) თანამშრომლობით ახორციელებს 2018 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.