დავით მელუამ „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ მეოთხე ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

21 მაისი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა და მისი მოადგილე - ნათია ღვინაშვილი წყალტუბოში გამართულ „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ მეოთხე ყოველწლიურ ფორუმს დაესწრნენ.

ფორუმზე „რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“,  დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით  საქართველოს პრეზიდენტმა - სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა - მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ - ზაზა გაბუნიამ და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა - სოზარ სუბარმა მიმართეს, რის შემდეგაც ღონისძიება დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

ფორუმის მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, რეგიონული ეკონომიკისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს და თვითმმართველობაში არსებულ გამოწვევებზე საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.

,,ათეა"-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სიტყვით გამოსვლისას ღონისძიების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერ ორგანიზაციებს ფორუმის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა  და  დეცენტრალიზაციის დოკუმენტთან და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

დავით მელუას განცხადებით, იმისათვის, რომ თვითმმართველობა აღიჭურვოს შესაბამისი ფინანსებით, აუცილებელია გამარტივდეს ქონების გადაცემის პროცესი, შემდეგ კი განისაზღვროს პოლიტიკა.

,,ვიმედოვნებ, რომ ფორუმზე გამოთქმული ყველა მოსაზრება შეჯერდება და აღნიშნული პროცესი შედეგიანად წარიმართება ‘’, - განაცხადა ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.  

„სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ მეოთხე ყოველწლიურ ფორუმში,  ასევე საქართველოს თვითმმართველი ქალაქების მერებმა, ცენტრალური ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელებმა და ბიზნესმენებმა მიიღეს მონაწილეობა.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი, რომელიც  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას ინიციატივით 2018 წელს დაფუძნდა,  თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც  საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, 9 რეგიონის გუბერნატორს და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს.