ქართულმა დელეგაციამ ევროპის საბჭოს კონგრესის 36-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა

5 აპრილი

ქართულმა დელეგაციამ ადგილობრივი ხელისუფლების პალატისა და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრის, რუსთავის საკრებულოს წარმომადგენლის - ნინო ქავთარაძის ხელმძღვანელობითა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტების, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის - გიორგი ტყემალაძის და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის - თამარ ტალიაშვილის, თბილისისა და მცხეთის საკრებულოების დეპუტატების - ბექა დავითულიანისა და სევდია უგრეხელიძის, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის - ირაკლი ჭეიშვილის შემადგენლობით, სტრასბურგში გამართულ ევროპის საბჭოს კონგრესის 36-ე სესიაში - ,,მერები დემოკრატიის დასაცავად" მიიღო მონაწილეობა.

ქართული მხარე პლენარულ სესიამდე ევროპის საბჭოს ბიუროს შეხვედრებში და რამდენიმე კომიტეტის სხდომაში ჩაერთო, სადაც სხვა თემებთან ერთად, ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე ღია მმართველობასა და ინტერესთა კონფლიქტების, არჩეულ წარმომადგენელთა ინტეგრირებისა და საჯარო ეთიკის ხელშეწყობის, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის საკითხებზე იმსჯელეს.

ათეა-სა და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა - თამარ ტალიაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებზე, ასევე ქვეყანაში ე.წ „მცოცავი ოკუპაციის“ პოლიტიკის შედეგებსა და დევნილთა და ლტოლვილთა სტატისტიკაზე ისაუბრა. მანვე რეგიონულ დონეებზე ღია მმართველობის მსჯელობისას დებატებში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას თბილისის მაგალითზე კარგი მმართველობის მექანიზმებსა და მთავარი ქალაქების ეკოპოლიტიკის რეგულაციაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ქართულმა დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში ასევე, შეხვედრა გამართა ევროსაბჭოს კონგრესის გენერალურ მდივანთან - ანდრეას კიფერთან, სადაც მხარეებმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტების თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს არჩევის შემდეგ განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.  

ევროპის საბჭოს კონგრესზე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელმა ახალგაზრდა დელეგატებმაც მიიღეს მონაწილეობა, სადაც საქართველო - კოკა კაპანაძემ წარმოადგინა და დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით - ,,ახალგაზრდების სოციალური უფლებები : ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლი”  წარსდგა.