ათეა-ს სასწავლო ვიზიტი ესტონეთში დასრულდა

16 მარტი

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  ინიციატივითა და დანიის, შვეიცარიის, ავსტრიისა და საქართველოს მთავრობების ხელშეწყობით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა და მისი მოადგილე - ნათია ღვინაშვილი სასწავლო ვიზიტით  ესტონეთში იმყოფებოდნენ.

ქართულმა დელეგაციამ, რომელიც ათეა-ს წარმომადგენლებთან ერთად,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე საქართველოს პარლამენტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული, ტალინსა და ტარტუში გამართა შეხვედრები.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ქართულ მხარეს ქვეყნის ფინანსთა სამინისტროში, პარლამენტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში,  ასევე ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიაში და  ტარტუს უნივერსიტეტში უმასპინძლეს, სადაც დელეგაციის წევრებმა, სხვადასხვა მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებსა და  ადგილობრივ მმართველობაში ინოვაციური გზებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. 

ქართულმა  დელეგაციამ ესტონეთის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან,  ტარტუს გუბერნატორთან და მერთან, ასევე ესტონეთის სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსთან და ექსპერტებთან გამართა შეხვედრები, სადაც მასპინძლებმა მთავრობის დაკომპლექტებასა და ელექტრონული მმართველობის სისტემაზე, ე.წ. ,,ჭკვიანი ქალაქების’’ კონცეფციაზე და  რეგიონულ დონეზე სივრცითი დაგეგმარების შესახებ  წარმოადგინეს პრეზენტაციები.

სასწავლო  ვიზიტისას მხარეებმა  ადგილობრივ დონეზე კარგ მმართველობასა და მოქალაქეთა თანამონაწილეობაზე, მუნიციპალური მომსახურების მიწოდებაზე, ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე კოორდინაციისა და თანამშრომლობის, ასევე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მექანიზმებზე იმსჯელეს და  აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით დისკუსიები გამართეს.

როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, ესტონეთის გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მუნიციპალური სერვისების მიწოდებისა და კარგი მმართველობის სტანდარტების გაუმჯობესებას.

ვიზიტის დასასრულს შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც დელეგაციის წევრებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.
 
სასწავლო ვიზიტი გაეროს განვითარების პროგრამის ორი პროექტის - ,,დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“, ასევე ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.

ქართულ დელეგაციას 11-15 მარტს, ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიამ  (e-Governance Academy) უმასპინძლა.