ათეა-ს წარმომადგენლების ესტონეთში ვიზიტი გრძელდება

13 მარტი

ადგილობრივ მმართველობაში ინოვაციური გზებისა და საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა და მისი მოადგილე - ნათია ღვინაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე საქართველოს პარლამენტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან ერთად, სასწავლო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებიან.

ქართულ დელეგაციას ტალინში, ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის (e-Governance  Academy) წარმომადგენლებმა უმასპინძლეს და ქართულ მხარეს ელექტრონული მმართველობისა და სერვისების, ციფრული იდენტობის მართვის, ასევე  ელექტრონული საინფორმაციო სისტემების ინტეგრაციასა და არქიტექტურაზე წარუდგინეს პრეზენტაციები.

ქართულმა მხარემ  ესტონეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და ექსპერტებთანაც გამართა შეხვედრები, სადაც დელეგაციის წევრები  ქვეყნის ადგილობრივ მმართველობაში ფისკალური სისტემისა და მისი სრულყოფის მიმართულებებს, ასევე ICT პროექტებში და  ბიუჯეტის ჩამოყალიბებაში, ადგილობრივი თვითმმართველობების მართვის პრინციპებს  გაეცნენ.

ტალინის შემდეგ, დელეგაციის წევრები ტარტუს უნივერსიტეტში  გაემგზავრნენ და ელექტრონული მმართველობის ინოვაციების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.

შეხვედრებზე, რომლებიც  დისკუსიის ფორმატში წარიმართა აღინიშნა, რომ ესტონეთის გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მუნიციპალური სერვისების მიწოდებისა და კარგი მმართველობის სტანდარტების გაუმჯობესებას.

ვიზიტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ტარტუს გუბერნატორთან და ესტონეთის პარლამენტის წარმომადგენლებთან.

ქართული დელეგაცია ესტონეთში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიწვევით იმყოფება.

აღნიშნული სასწავლო ვიზიტი, რომელიც დანიის, შვეიცარიის, ავსტრიისა და საქართველოს მთავრობების ხელშეწყობით ხორციელდება, გაეროს განვითარების პროგრამის ორი პროექტის - ,,დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“, ასევე ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში იმართება.