თამარ ტალიაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე "ქალები პოლიტიკაში" სიტყვით გამოვიდა

8 მარტი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი -თამარ ტალიაშვილი ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე "ქალები პოლიტიკაში" სიტყვით გამოვიდა.

კონფერენცია, რომელიც ევროპარლამენტში თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად, მაისში დაგეგმილ არჩევნებში ქალი დეპუტატობის კანდიდატთა ადვოკატირების მიზნით ჩატარდა, ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს "CEMR" ორგანიზებით მოეწყო.

კონფერენციაზე, სადაც ძირითადი აქცენტი პოლიტიკის განმსაზღვრელ პოზიციებზე ქალებისა და მამაკაცების თანაბარი წარმომადგენლობის მნიშვნელობასა და  დემოკრატიის მაღალ სტანდარტზე გაკეთდა, თამარ ტალიაშვილთან ერთად, დამსწრე საზოგადეობას სიტყვით ევროპარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებმა, პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა მიმართეს.

ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს გამოცდილებაზე, ასევე ქალთა უფლებების დაცვის კუთხით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და რეგიონში პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.  

"მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელმაც ევროპული პრინციპების ერთგულება არაერთხელ დაამტკიცა, როგორც ისტორიულად, ისე უკანასკნელ პერიოდში ევროპასთან ასოცირების გზაზე გადადგმული ნაბიჯებით. ევროკავშირი დემოკრატიის ფლაგმანია და ჩვენ სწორებას მასზე ვახდენთ. ევროპარლამენტის არჩევნებში ასახული და დაცული თანასწორობის ღირებულება ბუნებრივია, საქართველოსთვის, ასევე სხვა პრო-ევროპული ქვეყნებისათვის გეზის მიმცემი იქნება",  - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

კონფერენციაში "ქალები პოლიტიკაში"  სხვადასხვა ქვეყნის 60 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.