ათეა-სა და კატალონიის მუნიციპალიტეტთა ფედერაციის თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა პროექტები დაიგეგმება

7 მარტი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში კატალონიის მუნიციპალიტეტთა ფედერაციის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრა  გაიმართა.  

კატალონიის მუნიციპალიტეტების ფედერაციის (FMC) გენერალურმა მდივანმა - ხუან იგნასიო სოტო ვალესმა, ამავე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და ესპარეგუერას მერმა - ედუარდო რივას მატეომ და კონსულტანტმა - ოლივიერ ტერიენმა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს - დავით მელუას და მის მოადგილეს - ნათია ღვინაშვილს  მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს და ორგანიზაციასთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პროექტები განხორციელდება.   

ესპანეთის კატალონიური ნაწილის დელეგაცია საქართველოს 4 მარტს ეწვია და თბილისისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოებში, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში და  საქართველოს პარლამენტში გამართა შეხვედრები.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებშიც უმასპინძლეს.

დელეგაციის წევრები, ათეა-ს წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს  - ირაკლი ქადაგიშვილსა და თელავის მუნიციპალიტეტის მერს  - შოთა ნარეკლიშვილს შეხვდნენ, სადაც მხარეებმა,  ინტერმუნიციპალურ პროექტებზე ისაუბრეს.  

ქართულმა მხარემ სტუმრებს კახეთის მუნიციპალტეტების ურთიერთთანამშრომლობით ჩამოყალიბებული „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის - ვიზიტ კახეთი“ (DMO) შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ქადაგიშვილის განმარტებით,  კახეთის რეგიონის ჯერ კიდევ აუთვისებელი ტურისტული პოტენციალის განვითარებას, ახალი ტურისტული მარშრუტებისა და ტურისტული დანიშნულების ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

მცხეთის მუნიციპალიტეტში კი, კატალონიის მუნიციპალიტეტთა ფედერაციისა და ათეა-ს  წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარეს - გელა ბაქრაძეს შეხვდნენ და რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

დელეგაცია საქართველოს დღეს დატოვებს.